Site icon Civil.ge

დაპირებები არ დაგვავიწყდა – მიმართავს სააკაშვილი დუშეთის ამომრჩეველს

პრეზიდენტი სააკაშვილი 24 თებერვალს დუშეთის რაიონს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და უთხრა, რომ ხელისუფლება თავის დანაპირებს ასრულებს.

”მე არ დამვიწყებია არც ერთი დაპირება, რომელიც თქვენ მოგეცით: გზა, წყალი, გაზი, ამბულატორიები, სკოლები,” – განაცხადა მან ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა. ”ჩვენ ცენტრალური გზა გავიყვანეთ და [მეორადი]  გზის მშენებლობაც ახლა დაიწყება; აშენდა გაზის ინფრასტრუქტურა და მას ოჯახებში შევიყვანთ; გარემონტდა სკოლები”.

”მე არ მინდა მოგცეთ ფუჭი დაპირებები,”- განუცხადა ასევე მან მოსახლეობას, ”მე არცერთი ისეთი დაპირება არ გამიცია, რისი შესრულებაც მე არ შემიძლია”.  

შემდეგ მან სთხოვა საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელს რამაზ ნიკოლეიშვილს ინფორმაცია მიეწოდებინა რაიონში გზების დაგეგმილი მშენებლობის თაობაზე. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება ამ პროექტში.

დუშეთი ერთ-ერთი ის რაიონია – თბილისის და ყაზბეგის გარდა – სადაც მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)