აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილება ბელარუსის მიმართ, რომ არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, არის ევროკავშირის ”მიკერძოებული” პოზიცია, რომელიც ძირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებებს, სადაც ევროკავშირი ერთ-ერთი შუამავლის როლს ასრულებს.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ საუბრისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ შვარცენბერგმა განაცხადა: ”ბუნებრივია, რომ ბელარუსს სუვერენული პარლამენტი ჰყავს და ბელარუსის პარლამენტს საკუთარი გადაწყვეტილება აქვს [მისაღები]. თუ ისინი ცნობენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ეს შექმნის ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციას ბელარუსისთვის, რადგანაც ბელარუსი ევროპულ კონსენსუსს გამოეთიშება”.
”აფსნიპრესი” იტყობინება 25 თებერვალს შამბას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ეს განცხადება არის ”პირდაპირი ზეწოლა, რომელიც ევროკავშირმა სუვერენულ ბელარუსზე განახორციელა”.
”აღიარების საკითხი სახელმწიფოს შიდა საქმეს წარმოადგენს და ეს იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი კოსოვოს აღიარებასთან მიმართებაში,” – განაცხადა შამბამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)