პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ხელისუფლება მიესალმება და იწვევს რუსულ ინვესტიციებს საქართველოში.
”ჩვენ ვიცით, რომ რაც უფრო მეტი ბიზნეს ინტერესი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის, მით უფრო სტაბილური და დაცული იქნება ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკური რისკებისაგან,”- განაცხადა მან 25 თებერვალს რუსული ოკუპაციის მუზეუმში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე.
”ჩვენ არ ვუხსნით კარს რუსულ ტანკებს, მაგრამ ჩვენი კარი და ჩვენი გული ყოველთვის ღიაა რუსი ინვესტორებისათვის და რუსი ტურისტებისათვის,”- განაგრძო მან, ”ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ყველა ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთსა და საქართველოს შორის. ამიტომ, მივესალმებით იმას, რომ ვახერხებთ გარკვეულ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში”.
ქართულმა ოპოზიციამ ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა ენგურჰესის მართვაზე რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ”ინტერ რაოსთან” დადებული გარიგების გამო.
თუმცა პრეზიდენტი 25 თებერვალს შეეცადა ეს პრეტენზიები გაეფანტა იმ მოსაზრებით, რომ სირთულეების მიუხედავად რუსული კომპანიები, რომლებიც ენერგეტიკული ობიექტებს ფლობენ საქართველოში, ”ჩავარდნის გარეშე” მუშაობენ და არ მოუხედნიათ ”რამე საბოტაჟი” ყველაზე რთულ პერიოდშიც კი.
”ერთადერთი ქართული პროდუქტი რომელიც დღეს შედის რუსულ ბაზარზე და შესაბამისად ასაქმებს ქართველებს საქართველოში, არის ქართული ელექტრო ენერგია,”- განაცხადა მან, ”თუნდაც ამიტომ არის საჭირო თანამშრომლობა ენგურის ირგვლივ. ჩვენ მზად ვართ ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ყველგან სადაც ეს შესაძლებელია. იმიტომ რომ მხოლოდ ეკონომიკური განვითარება ქმნის სამუშაო ადგილებს, უწყობს ხელს მყარი მშვიდობის გარანტიების შექმნას და აახლოვებს ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოზიციებს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)