Site icon Civil.ge

ნოღაიდელი: ”მოღალატე და ლაჩარი სააკაშვილი უნდა წავიდეს”

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტ სააკაშვილის საწინააღმდეგო რიტორიკა გააძლიერა და მას ”მოღალატე და ლაჩარი” უწოდა. 

27 თებერვალს ტელეკომპანია ”კავკასიის” ეთერში საუბრისას ნოღაიდელმა განაცხადა: ”მოღალატე და ლაჩარ სააკაშვილს, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, არ აქვს უფლება ქვეყანა მართოს და ის უნდა წავიდეს”.

”საოცარი ევოლუცია განიცადეთ ბატონო ზურაბ,” – მიმართა ნოღაიდელს გადაცემის წამყვანმა დავით აქუბარდიამ, ”რაღაც ძალიან გარადიკალურდით ამ ბოლო ხანებში. მე მგონი ლეიბორისტებსაც გადაასწარით შეფასებებში.”

”არსებულმა რეალობამ გამხადა რადიკალი,” – უპასუხა ნოღაიდელმა.

მან განაცხადა, რომ მისი პარტია მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის იზიარებს სულ ცოტა თორმეტი სხვა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დასძინა, რომ სხვების მსგავსად, მის პარტიასაც საკუთარი ტაქტიკა აქვს, რომლებიც საბოლოოდ შესაძლოა დაემთხვეს ერთმანეთს. ნოღაიდელის თქმით, იგი 10 მარტს ბათუმში გეგმავს საპროტესტო აქციის გამართვას, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ”მოღალატე და ლაჩარი სააკაშვილის გადადგომისკენ” მოუწოდებს.    

”ამ რეჟიმის ნგრევა აჭარიდან დაიწყება,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ასევე შეუძლიათ შუერთდნენ მისი პარტიის საპროტესტო აქციას ბათუმში, ”რომელიც კარგი გენერალური რეპეტიცია შეიძლება იყოს 9 აპრილისთვის”. სწორედ ამ დღეს აპირებს სულ ცოტა რვა ოპოზიციური პარტია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამჟამად ვერ ხედავს საპროტესტო აქციებისთვის ”საკმარის მუხტს” საზოგადოებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)