Site icon Civil.ge

კლინტონი: ნატომ უნდა განაგრძოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოს და უკრაინის მიმართ

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 მარტს განაცხადა, რომ დროა ნატომ ახალი ურთიერთობები დაამყაროს რუსეთთან, თუმცა ასევე მოუწოდა ალიანსს დაეხმაროს საქართველოს და უკრაინას დააკმაყოფილონ ნატოს სტანდარტები.

”ჩვენ უნდა განვაგრძოთ კარის გაღება ევროპული ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და უკრაინა და დავეხმაროთ მათ დააკმაყოფილონ ნატოს სტანდარტები,” – განაცხადა კლინტონმა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გაკეთებულ განცხადებაში.

კლინტონმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს წევრები ”არასოდეს” აღიარებენ სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ან დათანხმდებიან რუსეთის მიერ გავლენის სფეროების შექმნას.

მისი თქმით, ნატომ უნდა გამონახოს გზები, რათა მოაგვაროს უთანხმოება, რომელიც კვლავ არსებობს ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.

”დროა დავიწყოთ ახლიდან [რუსეთთან]. ჩვენ შეგვიძლია და უნდა მოვძებნოთ გზები, რათა კონსტრუქციულად ვიმუშავოთ რუსეთთან, ვისთანაც ჩვენ საერთო ინტერესებიც გაგვაჩნია, მათ შორის ავღანელი ხალხის დახმარების თვალსაზრისით,” – დასძინა კლინტონმა.

იმავდროულად, Financial Times-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელმა ტონი ბარბერმა თავის ინტერნეტ ბლოგზე დაწერა, რომ 5 მარტს მოგვიანებით კლინტონი აპირებს დაესწროს ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრას.

”ეს არ შედიოდა კლინტონის თავდაპირველ დღის წესრიგში და ბოლო წუთში ჩაემატა ქართველების თხოვნის საფუძველზე,” –  წერს ბარბერი, ”ნატოს მოკავშირეებმა, განსაკუთრებით კი აშშ-მ, აშკარად იგრძნეს, რომ არ იქნებოდა კარგი სიგნალი ქართველების უყურადღებოდ მიტოვება – ამიტომაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული”.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)