აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 6 მარტს ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ აღიარეს, რომ კვლავ რჩება უთანხმოება ზოგიერთ საკითხზე, მათ შორის საქართველოზე.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლავროვმა განაცხადა: ”ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა… თავშეკავება გამოიჩინონ იმ ქვეყნების სამხედრო მომარაგებაში, სადაც, მათ შორის ახლო წარსულში, ეს იარაღი ჩვენ საზღვრებთან ძალიან ახლოს იქნა გამოყენებული”.
მან ეს განცხადება, სავარაუდოდ, საქართველოსთან მიმართებაში გააკეთა; თუმცა, აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოგვიანებით მიაწოდეს ინფორმაცია ჟურნალისტებს, განაცხადეს, რომ მათ ვერ ამოიკითხეს საქართველო მინისტრის კომენტარებში, იტყობონება ”როიტერი”.
კლინტონმაც და ლავროვმაც განაცხადეს, რომ ეს არის ახალი ეტაპი ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
”ეს არის ახალი ეტაპი არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, არამედ მსოფლიოს გასაძღოლად მნიშვნელოვან სფეროებში,” – განაცხადა კლინტონმა.
”ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ორმხრივ ურთიერთოებს შანსი ეძლევა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება,” – განაცხადა ლავროვმა, ”ჩვენ გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები ჩვენს ურთიერთობებში მთავარ პრიორიტეტებზე. დარწმუნებული ვარ და სახელმწიფო მდივანიც გაიზიარებს ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ეს პრიორიტეტები მნიშვნელოვნად ემთხვევა”.
მან ასევე განაცხადა, რომ ”გაზვიადება იქნება იმის თქმა, რომ ჩვენ ყველაფერზე შევთანხმდით”.
თავისი ევროპული ტურნეს ბოლო დღეებში სახელმწიფო მდივანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აშშ კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს ნატოში მისწრაფებას და მის ტერიტორიულ მთლიანობას.
”ჩვენ არასდროს უნდა ვაღიაროთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისული რეგიონები ან დავთანხმდეთ რუსეთის მიერ გავლენის სფეროების შექმნას,”- განაცხადა კლინტონმა 5 მარტს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე გამოსვლისას.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ ამ განცხადებას, როგორც აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ ”საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის” გამოვლინებას. ”ნათელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მარტო არ დატოვებს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივნის განცხადება არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ”თუ რუსეთს აქვს იმის ილუზია, რომ საქართველოს პრობლემატიკა ოდესმე დაიწევს სიის სათავიდან სიის ბოლოსკენ, ეს დიდი ილუზიაა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)