ევროკავშირის საგამოძიებო მისია, რომელიც აგვისტოს ომს იძიებს, 6 მარტს ცხინვალში სეპარატისტული რეგიონის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი.
”ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისა და გამჭირვალე ურთიერთობებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას, ასევე იმ ტრაგედიის არ გამეორებას, რომელსაც აგვისტოში ჰქონდა ადგილი,” – განაცხადა კოკოითმა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის მისიას იმ მიზეზების შესახებ, რამაც კონფლიქტი გამოიწვია და ასევე აგვისტოს ომის დეტალების შესახებ. კოკოითმა ევროპელი დამკვირვებლების საქმიანობაც გააკრიტიკა.
”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპელი დამკვირვებლების მუშაობა ძალიან სუსტია. ამჟამად, 35 შეიარაღებული ქართული პოსტია განთავსებული ევროპელი დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ზონაში, ასევე 2500 შეიარაღებული პირი… რაც მედვედევი-სარკოზის შეთანხმებების სერიოზული დარღვევაა,” – განაცხადა კოკოითმა.
ცხინვალში ვიზიტამდე ევროკავშირის მისია აფხაზეთს ესტუმრა, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგებლებთან გამართა შეხვედრები.
მისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, თავის საბოლოო ანგარიშს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგენს; თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)