Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ომის განახლების ალბათობა შემცირებულია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების განახლების ალბათობა შემცირდა, თუმცა, მისი თქმით, გარანტირებული არაფერია. მან იქვე დასძინა, რომ საქართველოს ”დაჩოქება” შეუძლებელი იქნება ერთიანობის და სტაბილურობის შემთხვევაში.

”მე ერთი რამ ვიცი – ჩვენმა არაკეთილმოსურნემ იცის ზუსტად, რომ ციხე ტყდება შიგნიდან. საქართველოს დაჩოქება შეუძლებელია თუ საქართველო არის ერთიანი და თუ საქართველო არის სტაბილური,” – განაცხადა დღეს სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემის ცერემონიაზე.

”ჩვენ გავბედეთ ის, რაც ვერ გაბედა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ის ტანკები, რომელიც შემოვიდა საქართველოში, მანამდე იმ ტანკებმა წინაღობის გარეშე აიღეს ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, ავღანეთი, ჩვენზე ბევრად უფრო დიდი ქვეყნები, ნახევარი ევროპა უფრო ადრე. დღემდე ბევრ ევროპელს არ ესმის, როგორ შეეძლოთ ქართველებს საერთოდ აზრის გავლებაც იმაზე, რომ დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა 3 ათასი ტანკის წინააღმდეგ, 200 თვითმფრინავის წინააღმდეგ, 80 ათასი შემოსეული გადამთიელის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ რომ არ გვქონდეს ბრძოლის გენი, ჩვენ რომ არ გვქონდეს ბრძოლის უნარი, მაშინ ჩვენ არც ვიარსებებდით,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ქვეყანა ყველაფერს აკეთებს მშვიდობისთვის და ამ მშვიდობის შენარჩუნებისთვის.

”ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით შიდა და საგარეო მშვიდობის ფასი,” – განაცხადა მან, ”მე მინდა გვესმოდეს, რომ მას შემდეგ რაც ბევრი ეკონომიკური პროცესი განვითარდა, მას შემდეგ რაც ჩვენ გვაქვს დღეს ბევრად მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა, ვიდრე გვქონდა აგვისტოს ომამდე, მას შემდეგ რაც მთლიანად შეიცვალა ვითარება საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ, ალბათობა ომის განახლების შემცირებულია, თუმცა რა თქმა უნდა, არასდროს აბსოლუტური გარანტია ამისი არ არსებობს”

მისი თქმით, 11 აგვისტოს ღამით, როდესაც მან საქართველოს მოსახლეობას მიმართა, მას ჰქონდა უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყველა რუს გენერალს ჰქონდა მითითება თბილისზე წამოსულიყო.

”იმ წუთში უბრალოდ საბოლოო დადასტურებას ველოდებოდით და რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდოდა რაიმე პანიკის შექმნა,” – განაგრძო მან, ”მაგრამ თუ არა ჩვენი გმირების აბსოლუტურად თავგანწირული ბრძოლა რამდენიმე დღის განმავლობაში და მტრის შეჩერება, ისევე როგორც სამასმა არაგველმა შეაჩერა მტერი, ისე ჩვენმა ჯარმა შეაჩერა 10-ჯერ მეტი რაოდენობით, პერსონალით და ტექნიკით 20-30-ჯერ მეტი მოწინააღმდეგის ძალები; თუ არა ჩვენი საზოგადოების წარმოუდგენელი თავდადება, როცა თბილისის ცენტრში 200 ათასი ადამიანი ბომბების საფრთხის ქვეშ შეიკრიბა და ფეხი არ მოიცვალა თითქმის დღე-ღამის განმავლობაში და დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ ის ერთიანია; თუ არა ის, რომ მთავრობა – განსხვავებით 1921 წლისა – არა თუ არ გაქცეულა, არამედ დარჩა ბოლომდე თავის კაბინეტებში; თუ არა ის საერთაშორისო მხარდაჭერა, როცა ხუთი ევროპელი ლიდერი ჩამოვიდა და ჩვენთან ერთად იდგა მიტინგზე, როცა ევროკავშირის საგარეო მინისტრები ითხოვდნენ, რომ  მათთვის გაგვეშალა კარვები ჩვენს ხიდებზე, ჩვენს აეროპორტებში, ჩვენს ტრასებზე, რათა რუსებს ცოდნოდათ, რომ ისინი ბომბავდნენ უცხოელ მინისტრებს; თუ არა ევროკავშირის ჩარევა და თუ არა საბოლოო ჯამში ის, რომ საქართველოსკენ დაიძრა მე-6 ფლოტი ამერიკის და ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირი, ღია, უპრეცედენტო გაფრთხილება გააკეთა – 1961 წლის შემდეგ ასეთი დაპირისპირება არ ყოფილა ამერიკასა და რუსეთს შორის – თუ არა ეს ყველაფერი დღეს საქართველო დამოუკიდებელი აღარ იქნებოდა და დღეს ჩვენ თუნდაც ჩვენს დედაქალაქში თავისუფლებით ვერ ვისარგებლებდით და ეს არის გაკვეთილი მომავლისთვის”.

მისი თქმით, თუ ქვეყანა იქნება ერთიანი და სტაბილური, ვერავინ ვერ გაბედავს ამ მშვიდობის შერყევას. ”ჩვენ გვინდა ყველასთან თანამშრომლობა, ჩვენ გვინდა თანამშრომლობა ევროპასთან და ჩვენი მთავარი პატივისცემა ჩვენი ბიჭების ხსოვნისადმი იქნება, რომ საქართველო გახდეს თანამედროვე, წარმატებული ევროპული ქვეყანა, სადაც ჩვენი შვილები გაიზრდებიან საუკეთესო ევროპულ დაწესებულებებში, სადაც თავისუფლება და დემოკრატია იქნება, როგორც ევროპაში, სადაც ქალაქები და სოფლები იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე დასავლეთ ევროპაში და სადაც მომავალი იქნება დაცული და გარანტირებული და რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყანა გადაწყვეტს თავის სტრატეგიულ ამოცანას, რა თქმა უნდა, ასეთი ქვეყნის ერთიანობას უკვე აღარაფერი აღარ დაემუქრება. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოწვევა და ეს არის ჩვენი უახლოესი ამოცანა,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)