Site icon Civil.ge

შაშკინის თქმით, გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები ციხეში სხედან

სასჯელაღსრულების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დაადასტურა სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ფაქტი სასჯელის განახევრების კუთხით, თუმცა განაცხადა, რომ ისინი ამ დრომდე ციხეში რჩებიან.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული შსს-ის ოთხი ყოფილი ოფიცრისთვის სასჯელის განახევრების შესახებ დღეს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ პირებს ნოემბერში პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება შეეხოთ.

”ის ხალხი, რომლებზეც საუბრობდა ქალბატონი ფიქრია, კვლავ იხდის სასჯელს,”- განაცხადა დიმიტრი შაშკინმა და განმარტა, რომ ნოემბერში შეწყალება სამხედრო წოდების მქონე სულ 45 პატიმარს შეეხო, თუმცა 5 კვლავ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში დარჩა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს შეწყალება მის მინისტრობამდე მოხდა.

2006 წლის ივლისში სასამართლომ გია ალანიას და შსს-ის სამ ყოფილ თანამშრომელს რვა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა ზიანის მიყენებისთვის, რამაც 28 წლის სანდრო გირგვლიანის სიკვდილი გამოიწვია. თუმცა, ერთი წლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ მათ სასჯელის ვადა ექვსი თვით შეუმცირა.

გირგვლიანის ოჯახი, ადამიანის უფლებათა დამცველები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ადამიანებს მკვლელობის ”შემსრულებლებს” უწოდებდნენ და ითხოვდნენ  მკვლელობის ”დამკვეთების” დასჯას, რაშიც მათი ინფორმაციით,  შსს-ს ზოგიერთი მაღალჩინოსანი, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე იყვნენ ჩართული. თუმცა, მათი თქმით, ოფიციალურმა გამოძიებამ დამალა ამის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)