დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა ეუთოში, ესტონეთში, ირანში, თურქმენეთსა და ავღანეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში; ასევე ეგვიპტესა და არაბულ ქვეყნებში საქართველოს ელჩების დანიშვნის საკითხს.
პაატა გაფრინდაშვილი ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივ წარმომადგენელი გახდა. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი ელჩი ვიქტორ დოლიძე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერის ირაკლი ალასანიას გუნდში გაწევრიანდა. დოლიძის გადადგომის შემდეგ გაფრინდაშვილი ელჩის მოვალეობას ასრულებდა. იგი ასევე მუშაობდა ეროვნულ უშიშროების საბჭოში, 2004 წელს იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
ესტონეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ პოსტზე დაინიშნა რუსლან აბაშიძე, რომელიც მანამდე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პარლამენტმა გიორგი ჯანჯღავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ჯანჯღავა საქართველოს ელჩი იყო ეგვიპტესა და სირიაში.
ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა გოჩა ჯაფარიძემ დაიკავა, რომელიც მანამდე არაბულ ქვეყნებში საქართველოს ელჩად მუშაობდა.
ამ ქვეყნებში მისი ადგილი დაიკავა ეკატერინე მაიერინგ-მიქაძემ, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა. აქამდე იგი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად მუშაობდა.
ზურაბ ერისთავი მის ნაცვლად დაინიშნა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად. ერისთავი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მუშაობდა.
გიორგი კუბლაშვილმა უზბეკეთსა და ტაჯიკეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვაკანტურ თანამდებობა დაიკავა. კუბლაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩია, აქვს საგარეო უწყებაში, პარლამენტში მუშაობის გამოცდილება.
თურქმენეთსა და ავღანეთში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი გახდა ალექსი პეტრიაშვილის ნაცვლად, რომელმაც ელჩობაზე უარი ასევე ირაკლი ალასანიას გუნდში გაწევრიანების გამო თქვა. იოსებ ჩახვაშვილი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში მუშაობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)