Site icon Civil.ge

”ბორჯომის” ლიცენზია კომპანია GG&MW-მა შეინარჩუნა

20 მარტს ეკონომიკის სამინისტროში გამართული აუქციონის შედეგად ”მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” (GG&MW) ”ბორჯომის” მინერალური წყლების საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეინარჩუნა. ლიცენზიის მთლიანმა ღირებულებამ 8.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

”მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ” სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 25-წლიანი ვადით მოიპოვა.

კომპანიამ 1 მილიონი აშშ დოლარი ავანსის სახით გადაიხადა, ხოლო დანარჩენ 7.2 მილიონ აშშ დოლარს წლის ბოლომდე დაფარავს, განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ აუქციონის შემდეგ. 

2006 წელს GG&MW-ის პირდაპირმა ზარალმა 25 მილიონი ლარი შეადგინა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ქართული მინერალური წყლების იმპორტი აკრძალა. თუმცა, კომპანიის თქმით, მან არა მარტო დაძლია კრიზისი, არამედ 2008 წლის შემოდგომამდე გავიდა იმ მაჩვენებელზე, რომელიც კომპანიას რუსეთის ბაზარზე ყოფნის დროს ჰქონდა. 2008 წლის ოქტომბრიდან, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების პერიოდიდან, კომპანიას კვლავ შეექმნა პრობლემები, კერძოდ, საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები 30-40%-ით შემცირდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)