Site icon Civil.ge

ვაშაძე: რუსეთს ამ ხელისუფლებასთან 2013 წლამდე ექნება საქმე

რუსეთი საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად აქტიურად მუშაობს, თუმცა 2013 წლამდე მას მოუწევს არსებულ ხელისუფლებასთან იქონიოს საქმე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.

23 მარტს ბრიფინგზე საუბრისას მან ეს განცხადება რუსი კოლეგის სერგეი ლავროვის გამონათქვამების საპასუხოდ გააკეთა. 21 მარტს ბრიუსელში ფორუმზე ლავროვმა განაცხადა: ”იმედი მაქვს ქართველ ხალხს ეყოლება ლიდერები, რომლებიც ნამდვილად იხელმძღვანელებენ ქართველი ხალხის ინტერესებით”.

”ისინი საქართველოში ხელისუფლების შეცვლას ელოდებიან. ეს უკვე მერამდენეჯერ გააჟღერა [ლავროვმა] ეს სიტყვები. და რა თქმა უნდა, არა მარტო ელოდებიან, არამედ აქტიურად მუშაობენ ამისთვის,”- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ”თუ საშუალება ექნება რუსეთის ფედერაციას იპოვოს დასაყრდენი ძალა ქართულ პოლიტიკურ კლასში, რა თქმა უნდა, ის ამით ისარგებლებს”.

”მინდა ბატონი ლავროვი დავაწყნარო: ეს ხელისუფლება არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული გზით არჩეული და 2013 წლამდე ამ ხელისუფლებასთან ექნებათ საქმე”- აღნიშნა მან.

მან ასევე ახსენა ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და განაცხადა, რომ  ”16 წელიწადი საქართველოს ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ დაალაგა რუსეთთან ურთიერთობა ერთი მარტივი მიზეზის გამო: იმიტომ, რომ რუსეთისთვის პრინციპულად მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოებრიობა”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)