Site icon Civil.ge

ოპოზიციის აქტივისტები იარაღთან დაკავშირებული ბრალდებით დააკავეს

ათი ადამიანი, მათ შორის ცხრა ნინო ბურჯანაძის პარტიასთან – დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის – ასოცირებული პირები იარაღის უკანონო შეძენის ბრალდებით დააპატიმრეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 მარტს.

მანამდე იმავე დღეს პარტიამ განაცხადა, რომ მისი ცხრა აქტივისტი იქნა დაკავებული ბათუმსა და თბილისში და ხელისუფლება მისი აქტივისტების წინააღმდეგ ”ტერორის კამპანიის” დაწყებაში დაადანაშაულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ის არ ამტკიცებს, რომ იარაღის შესყიდვის უკან ”პოლიტიკური შეთქმულებაა”.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა ტიპის პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, მუდმივად ახორციელებს იარაღის უკანონო ბრუნვის მონიტორინგს,” – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

”ბოლო ხანს გამოიკვეთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც  ინტერესს იჩენდნენ  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვის მიმართ. დღეს დილით, განხორციელდა ამ ჯგუფების რამდენიმე წევრის დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების დასრულებამდე  არ გეგმავდა რაიმე განცხადების გაკეთებას, მაგრამ მომხდარს გამოეხმაურა რამდენიმე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია,  მოხდა ამ საკითხის სერიოზული პოლიტიზაცია, მკვეთრი განცხადებები გააკეთეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას აწვდის დაკავებულთა კრიმინალური საქმიანობის დამამტკიცებელი მასალების ნაწილს. დანარჩენი მტკიცებულებები და ინფორმაცია საზოგადოებისათვის მოგვიანებით გახდება ცნობილი,” – ნათქვამია განცხადებაში.

მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც შსს-მ ამ დროისთვის გამოაქვეყნა, შეიცავს ექვს ცალკე აღებულ ფარულად ჩაწერილ ეპიზოდს, რომლის დროსაც ფარული აგენტები იარაღის დილერების როლში გამოდიან. პირველ ვიდეომასალაში გიორგი ბოლაშვილი, პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი, უთანხმდება იარაღის გამყიდველს CZ-75 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვაზე 400 დოლარად; გამოთქვამს სურვილს AKS-U ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაზე.

მეორე ვიდეომასალაში გიორგი ბოლაშვილი – თავისი ბიძაშვილის, გიორგი ბოლაშვილის მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, იარაღის გამყიდველისაგან ყიდულობს ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს.

მესამე ეპიზოდში ვახტანგ ნარსია, ასევე პარტიის ახალგაზრდული ფრთის აქტივისტი, რომელსაც ხელში უჭირავს UZI-ის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ესაუბრება მეორე ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ ფარული აგენტია, მხარდამჭერთა მობილიზაციაზე.

მეოთხე ეპიზოდში მამუკა შენგელია, ნინო ბურჯანაძის მეუღლის ბადრი ბიწაძის მძღოლი – განიხილავს სხვადასხვა იარაღის თავისებურებებს და ფასს ადამიანთან, რომელიც ასევე სავარაუდოდ აგენტია.

მეხუთე და მეექვსე ეპიზოდებში ჩანს გიორგი ცერცვაძე – მისი გვარი არ არის მოცემული იმ აქტივისტების სიაში, რომელთა დაპატიმრების შესახებაც თავად პარტიამ განაცხადა დილით. შსს-ს ინფორმაციით, ცერცვაძე მამუკა შენგელიას დავალებით, იარაღის გამყიდველისაგან ყიდულობს რევოლვერს. მეექვსე ეპიზოდში, რომელიც ასევე ფარულადაა გადაღებული ბინაში, ცერცვაძე ამოწმებს სხვადასხვა სახეობის იარაღს, რომელიც ოთახის კუთხეშია მოგროვილი.

შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა კატეგორიულად უარყო დაპატიმრების უკან რაიმე პოლიტიკური მოტივების არსებობა და განაცხადა, რომ დაკავებულთა პარტიულ კუთვნილებას არაფერი აქვს საერთო გამოძიებასთან. ”რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ინტერესი გამოიჩინეს იარაღის შეძენაში და იყიდეს იარაღი და ამიტომ დაკავებულები არიან,” – განაცხადა უტიაშვილმა.

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა შსს-ის განცხადების შემდეგ, რომ იგი მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან. თუმცა, მან განაცხადა, რომ გამოძიების მიერ წარდგენილი მტკიცებულება არასაკმარისია და შემდგომ ექსპერტიზას საჭიროებს.

”არცერთ ნორმალურ სასამართლოში ტელევიზიით ჩვენებული მტკიცებულებები არ იქნება საკმარის მტკიცებულებებად მიღებული იმ ბრალდებების დასადასტურებლად, რომლებზეც იყო აქამდე საუბარი,” – განუცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს. ”ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ასეთი ტიპის კადრები და ფილმები როგორ კეთდება. ეს კადრები საჭიროებს ძალიან სერიოზულ ექსპერტიზას. ამ ექსპერტიზას გააკეთებს ალბათ შსს-ც, ამ ექსპერტიზის გაკეთებას შევეცდებით ჩვენ დამოუკიდებელი წყაროების მეშვეობით: როდის იყო ეს კადრები გადაღებული, რა კონტექსში იყო, იყო თუ არა დამონტაჟებული ეს კადრები და ა.შ.”

”ჩვენ უარს არ ვამბობთ თანამშრომლობაზე გამოძიებასთან,” – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ კადრებით ნამდვილად ვერ დადასტურდება ის ბრალდება, რაზეც იყო საუბარი, ”როდესაც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ პარტია ემზადება შეიარაღებული აჯანყებისათვის და ქმნის შეიარაღებულ ბანდ-ფორმირებებს”.

თვის დასაწყისში ქართული გაზეთი ”ალია” იტყობინებოდა, რომ ბურჯანაძის მეუღლე ბადრი ბიწაძე შეიარაღებული ჯგუფების ჩამოყალიბებას გეგმავდა. ამ ინფორმაციას 10 მარტს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა საინფორმაციო სიუჟეტი მიუძღვნა.

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ეჭვები გამოთქვა შსს-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სანდოობასთან დაკავშირებით. კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა შსს-ს მასალები შეაფასა, როგორც ”პოლიტიკური სპექტაკლი, რომელშიც ვიღაცა გაბრიყვებულს მიაღებინეს მონაწილეობა”.  მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ამ ტიპის მასალების მიმართ  სანდოობა არ არსებობს. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ ხაზი გაუსვა, რომ ”თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია ნებისმიერი რამის დამონტაჟება და შეთითხვნა”.

იმავდროულად, 23 მარტს ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ”მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის” აქტივისტი იქნა დაკავებული შეთქმულების მოწყობის ბრალდებით. მოძრაობა გასული წლის ბოლოს შეიქმნა და ქართულ პოლიტიკაში აქტიური მონაწილე არ ყოფილა.

შოთა უტიაშვილმა განუცხადა Civil.Ge-ს, რომ ეს დაპატიმრება არ ყოფილა კავშირში ბურჯანაძის პარტიის აქტივისტების დაკავების საქმესთან. მისი თქმით, შსს ამ ფაქტთან დაკავშირებულ დეტალებს მოგვიანებით გაახმოვანებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)