თემურ იაკობაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, კატეგორიულად უარყო ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოსცა სპეციალური დოკუმენტი, რომელიც 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაციის დაწყებას ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით ითვალისწინებდა.
იაკობაშვილის თქმით, ეს ინფორმაცია არის რუსეთის ”ტყუილების” კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ეგიდით მოქმედ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიაზე ”მანიპულირებას”.
გერმანული Spiegel-ის ვებ-გვერდზე 21 მარტს გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთმა ევროკავშირის ეგიდით მოქმედ საგამოძიებო კომისიას გადასცა რუსეთის დაზვერვის მიერ მოპოვებული პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულება #2, რომლის დედანის კომისიისთვის გადაცემაზეც, ამავე ცნობით, ქართულმა მხარემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტი სახელმწიფო საიდუმლოებას შეიცავდა.
Spiegel-ისვე ინფორმაციით (იგივე სტატია გამოცემის ინგლისურ ენოვან ვებგვერდზეც გამოქვეყნდა 23 მარტს), გენერალ მამუკა ყურაშვილის მიერ 7 აგვისტოს გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება იწყებდა ოპერაციას კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით, იყო იმ ბრძანებულების სიტყვების ციტირება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმავე დღეს გამოსცა.
”არანაირი ეგეთი დოკუმენტი, აუთენტური არ არსებობს,”- განუცხადა იაკობაშვილმა Civil.ge-ს 24 მარტს.
”ეს იმ სერიიდან არის, რომ თურმე ჩვენ მხარეს იბრძოდნენ შავკანიანები, ამერიკის მოქალაქეები… რომლითაც რუსეთი ცდილობს დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოს ხელისუფლების,”- განაცხადა მან, ”რამდენ ტყუილს შეთხზავს რუსეთის მხარე, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”.
”მე ვფიქრობ, რომ კომისიაში იქნებიან ისეთი ხალხი, რომ შეაფასოს ამ დოკუმენტის აუთენტურობა”, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გადასცა კომისიას, განაცხადა იაკობაშვილმა.
კითხვაზე გამოითხოვა თუ არა კომისიამ საქართველოს ხელისუფლებისაგან კონკრეტულად ეს დოკუმენტი, იაკობაშვილმა უპასუხა: ”ამ კონკრეტულ დოკუმენტზე ჩემთვის უცნობია, რომ მოთხოვნა ყოფილიყო… ჩემთვის ასეთი რამ ცნობილი არ არის”.
”კომისიამ მოითხოვა ყველა დოკუმენტი, რაც კი არსებობს, სხვა მასალები ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომისიასთან, მიგვაჩნია, რომ კომისიის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამდენად, ყველანაირი სახის დოკუმენტს და მასალას, რაც ჩვენ გვაქვს, ვაწვდით და ეს არის ჩვენი მხრიდან გამოხატული ინტერესი. ამ კომისიის შექმნა ჩვენი ხელისუფლების იდეა იყო. ამიტომ დასამალი არაფერი არ გვაქვს და დარწმუნებულები ვართ ჩვენს სიმართლეში,”- განაცხადა მან.
”რუსეთის მხრიდან ჩვენ ვხედავთ ბევრ მცდელობებს, რომ კომისიის მანიპულირება მოახერხონ როგორმე, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ კომისია საბოლოოდ გამოიტანს სამართლიან დასკვნას,”- დასძინა იაკობაშვილმა.
მან ასევე ყურადღება მიაქცია, რომ ამ ინფორმაციის ”გაჟონვა” დაემთხვა პრეზიდენტ სააკაშვილს ვიზიტს ბრიუსელში, სადაც მან მაღალი რანგის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
”ჩვენ შევეჩვიეთ ხოლმე რომ რუსეთის სპეცსამსახურები ახდენენ ასეთ ”გაჟონვებს” სააკაშვილის ვიზიტების დროს,”- აღნიშნა მან.
კომისია, რომელსაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, თავის საბოლოო ანგარიშს ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგენს; თუმცა, საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)