Site icon Civil.ge

ჩანაწერები, იარაღზე დაპატიმრებები აპრილის საპროტესტო აქციების წინ

უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ხელისუფლება 9 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე, ნაწილ-ნაწილ აქვეყნებს ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, რითაც რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს იარაღის უკანონო შეძენა ბრალდებათ.

ფარულად ჩაწერილი მასალის პირველ ეპიზოდში ოთხი ადამიანია ნაჩვენები, რომლებიც ასოცირდებიან ნინო ბურჯანაძის პარტიასთან – დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც არ არის პირდაპირ კავშირში ბურჯანაძის პარტიასთან. მეორე მასალა, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა, ეხება ორ აქტივისტს ”მოძრაობა საქართველოს გადარჩენისთვის”.

მასალათა მესამე პაკეტი 25 მარტს გამოქვეყნდა და სამ ვიდეოჩანაწერს შეიცავს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ამხელს ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტებს – ზურაბ ავალიანს, დავით გოგრაჭაძეს და როინ ბუღაშვილს იმ დანაშაულებრივ ქმედებებში, რომლებიც, შსს-ის თქმით, უკავშირდება ”იარაღის გამოყენების გეგმებს” და ”სამოქალაქო ომის პროვოცირებას”.

ქართული ტელეკომპანიები ბოლო ორი დღის მანძილზე ამ ჩანაწერებს თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში განუწყვეტლივ უჩვენებენ.

სულ ბურჯანაძის პარტიის ცხრა აქტივისტი იქნა დაკავებული; თუმცა გამოძიებას ჯერ არაფერი უთქვამს დანარჩენი ორი აქტივისტის – ნუგზარ გოგრიჭიძის და ვახტანგ თუშმალაშვილის შესახებ. 

ოფიციალური გამოძიების და ასევე მმართველი პარტიის იმ წარმომადგენლების ტაქტიკა, რომლებიც ბოლო დღეებში კომენტარს აკეთებდნენ ამ საკითხზე, არ უკავშირებს დაპატიმრებებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. შსს-ის განცხადებით, მის მიერ განხორციელებული ფარული ოპერაცია მიზნად ისახავდა იარაღის უკანონო შესყიდვის შემთხვევების გამოვლენას და გამოძიება არ ამტკიცებს იმას, რომ ამ საქმეების უკან რაიმე ”პოლიტიკური შეთქმულება” დგას, ამ ეტაპზე მაინც. 

იმავდროულად, ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ამგვარი ტაქტიკის მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური პარტიების ან თუნდაც იმ პარტიების ჯგუფის დისკრედიტაცია მოახდინოს, რომლებიც 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების ორგანიზატორები არიან. ამ პარტიებს შორისაა ბურჯანაძის პარტიაც.

ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან ავლებს პარალელს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელთა საშუალებითაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები კრემლთან იყვნენ კავშირში.  ჩანაწერები 2007 წლის 7 ნოემბერს გამოქვეყნდა, როდესაც პოლიციამ თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია დაარბია.

თუმცა, დეპუტატები მმართველი პარტიიდან 90-იანი წლების მოვლენებს იხსენებენ, როდესაც შეიარაღებული შეთქმულების შედეგად პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იქნა ჩამოგდებული.

”საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც 18 წლის შემდეგაც ცდილობენ 90-იანი წლების სცენარის გამეორებას,”- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა 24 მარტს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)