აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მეთიუ ბრაიზა დაუგეგმავი ვიზიტით თბილისს ეწვია და 25 მარტს საღამოს შეხვედრები გამართა პარტია დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერთან ნინო ბურჯანაძეთან, ალიანსი საქართველოს ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან.
ეს ვიზიტი მას შემდეგ შედგა, რაც საქართველოს შსს-მ დააპატიმრა ბურჯანაძის პარტიასთან ასოცირებულ პირები და გამოაქვეყნა მათ წინააღმდეგ იარაღის შესყიდვაზე ფარული ვიდეო ჩანაწერები.
ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მან ამ თემის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამერიკულ მხარეს.
”დანარჩენ დასკვნებს მე დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ აშშ-ის წარმომადგენლები, არამედ დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებიც გააკეთებენ,”- განაცხადა მან, ”მე დაინტერესებული ვარ იმაში, რომ მართლაც ნათელი მოეფინოს იმას, რაც ხდება”.
მეთიუ ბრაიზა ბოლოს 13-14 მარტს სტუმრობდა საქართველოს, როდესაც მან პოლიტიკურ სპექტრთან გამართული შეხვედრების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ 9 აპრილის პროტესტი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგით დასრულდება.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 25 მარტს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია ამერიკის მხრიდან დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, ”მაგრამ ძირითადად, მაინც გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ქართველებმა – ოპოზიციის და ხელისუფლების დიალოგის გზით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)