Site icon Civil.ge

ალასანია: ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების დაშინებას საპროტესტო აქციების წინ

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება აცხადებს, რომ არ ახდენს ნინო ბურჯანაძის პარტიის აქტივისტების დაკავებასთან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზირებას, ის გზა, რომლითაც გამოძიებამ მტკიცებულების სახით აუდიო და ვიდეო ჩანაწერები წარმოადგინა იმის მაჩვენებელია, რომ მასალა პოლიტიკური მიზნითაა გამოყენებული საზოგადოების დაშინების მიზნით, რათა მათ არ მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საპროტესტო აქციებში.

25 მარტს საზოგადოებივი მაუწყებლის გადაცემა ”აქცენტებში” საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ ”ამგვარი მანიპულირება” და ”შიშველი მასალის” მიწოდება არის დამაბნეველი საზოგადოებისთვის და არ ქმნის მთლიან სურათს იმისა, თუ რა ვითარებაში იქნა მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალა.

”ყველას ინტერესებში შედის, თუკი ასეთი კრიმინალური აქტი მართლაც მზადდებოდა, რომ ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს,” – განაცხადა მან, ”მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ვხედავ ამ წარმოდგენილ ფაქტებში იმისთვის, რომ 9 აპრილის ან თუნდაც რომელიმე საპროტესტო აქციის მიმართ ეჭვი გაუჩინო საზოგადოებას. მე პირიქით ამაში ვხედავ საზოგადოების დაშინების მცდელობას, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის საშუალება არ მიეცეს და სამხედრო ესკალაციის გარკვეული საფრთხე შექმნან ამ მშვიდობიანი აქციის დროს. პირველ რიგში, აუცილებელია ყველას გვახსოვდეს, რომ ის რაც დაგეგმილი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს – 9 აპრილის აქცია იქნება, თუ ნებისმიერ სხვა აქცია – არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან აქცია”.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს, რომ დაპატიმრებული ადამიანები მართლაც არიან ჩართული დანაშაულებრივ ქმედებებში, თუმცა დასძინა, რომ ვინაიდან ხელისუფლება საზოგადოების ნდობის ნაკლებობას განიცდის, გამოძიების პროცესში საჭიროა დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა.

კითხვაზე შეუერთდება თუ არა ალიანსი 9 აპრილის საპროტესტო აქციას ალასანიამ უპასუხა: ”რა თქმა უნდა. ჩვენ სწორად წარმოგვიდგენია 9 აპრილის ორგანიზება და ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური კონსულტაციები გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ კოლეგებთან – როგორი უნდა იყოს 9 აპრილი; ჩვენს სტრატეგიას ვუზიარებთ მათ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი აქცია და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი”. 
 
  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)