ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა შეხვედრის ორგანიზება შესთავაზეს ქართულ ოპოზიციას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მოხდება ”უსაფრთხოების სტრუქტურის” შესახებ შეხედულებების გაცვლა 9 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქციების წინ.
უნგრელმა დეპუტატმა მათიას იორშმა, რომელიც 25-26 მარტს საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ ამგვარი შეხვედრა ”სულ ოდნავ მაინც” გაზრდის ნდობას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.
”რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ ამ ქვეყანამ ისწავლა 7 ნოემბრის გაკვეთილი,” – განაცხადა იორშმა, რომელიც საქართველოს ალბანელ დეპუტატთან კასტრიო ისლამთან ერთად ეწვია – ორივე მათგანი საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელია საქართველოზე.
”თუმცა, ჩვენ ერთ პრობლემას ვაფიქსირებთ. ეს არის ნდობის არ არსებობა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის,” – განაცხადა მან ხელისუფლებასთან, უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებთან და ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ორდღიანი შეხვედრების დასრულების შემდეგ.
იორშმა განაცხადა, რომ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აცხადებს, რომ მათ ”არ უნდათ ძალადობა, კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ [ისინი ასევე ამბობენ], რომ სხვებს შეიძლება უნდათ”.
მისი თქმით, PACE-ს მისია გამოდის ინიციატივით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო – იქნება ეს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, ან მისი მოადგილეები ან სხვა უფლებამოსილი პირები – შეხვდეს ოპოზიციას ”ვინც მზადაა მიიღოს ეს მოწვევა”.
”და ამ შეხვედრის დროს მათ ერთმანეთს უნდა გაუზიარონ თავიანთი შეხედულებები და გეგმები უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით; ამრიგად, ოპოზიციამ უნდა იცოდეს, თუ რა უსაფრთხოების გეგმები აქვს ხელისუფლებას და ხელისუფლებაც გაიგებს, თუ რა გეგმები აქვს ოპოზიციას დაძაბულობის განმუხტვისთვის იმ შემთხვევაში, თუ ვინმე არასწორად მოიქცევა,” – განაცხადა იორშიმ.
”მე ეს აზრი გავუზიარე რამდენიმე დაინტერესებულ მხარეს და მათი უმეტესობა მიესალმა ამ წინადადებას,” – დასძინა მან, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
”ეს არ არის ამბიციური გეგმა. მან არ უნდა განიხილოს სხვა რამე გარდა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ინფორმაციის გაცვლისა და შეხედულებების გაცვლისა – სულ ეს არის. ვფიქრობ, ეს ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენას სულ ოდნავ მაინც დაეხმარება,” – განაცხადა იორშიმ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)