Site icon Civil.ge

გაბაშვილი: ოპოზიციის რადიკალური პოზიცია ქაოსის საფრთხეს ქმნის

რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა, რომელიც უარყოფს ხელისუფლებასთან დიალოგს, პოლიტიკური პროცესების კონტროლიდან გამოსვლის საფრთხეს ქმნის, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა.

29 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქშოუში ”პოლიტიკური კვირა” საუბისას გაბაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ამბობს, რომ ოპოზიციური ლიდერები, რომლებიც უარს ამბობენ ხელისუფლებასთან დიალოგზე და რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის ჩათვლით, შეიარაღებულ ამბოხებას აწყობენ. თუმცა, მან ასევე გააფრთხილა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის ”რადიკალური და ექსტრემისტული პოზიცია” შეიცავს არეულობის რისკს, და ”ამ არეულობას მერე თავად ისინი ვერ აკონტროლებენ. ეს არის ის მთავარი საფრთხე, რომელიც არსებობს”.

”როცა შენ ქმნი ასეთ ტალღას, რომ არ გინდა არავისთან დიალოგი, არ გინდა არავისთან საუბარი, არ გინდა პოლიტიკური მეთოდები და გინდა მხოლოდ ექსტრემალური, რადიკალური დაპირისპირება, ამ რადიკალური დაპირისპირების მართვა ამ ადამიანების ხელთ არ არის,” – განაცხადა გაბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”არის ძალიან ბევრი ინტერესი, მათ შორის ძალიან კონკრეტული რუსული ინტერესი”, რომელიც შეეცდება ”ჭუჭყიან წყალში თევზის დაჭერას”.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)