Site icon Civil.ge

სააკაშვილი: შიდა არეულობაზე ოკუპანტის გეგმები ”ჩაიფუშა”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო კვირებში სამართალდამცავი ორგანოების ”ძალიან ეფექტური” მუშაობის შედეგად რუსეთს სერიოზულად ჩაეფუშა საქართველოში შიდა არეულობის მოწყობის გეგმები.

გასულ კვირას შსს-მ განაცხადა, რომ გამოავლინა ცალკეული, ერთმანეთთან კავშირში არ მყოფი ჯგუფები, რომლებიც იარაღის შეძენის მიმართ ინტერესს იჩენდნენ. სულ მცირე 7 ადამიანი – ნინო ბურჯანაძის პარტიასთან ასოცირებულები პირები – იქნენ დაპატიმრებული ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგად. სულ 10 ადამიანი დააპატიმრეს. შსს-მ განაცხადა, რომ ამ დაპატიმრებებს პოლიტიკური საფუძველი არ ჰქონდა და არ იყო საჭირო კრიმინალური ოპერაციის პოლიტიზირება.

პრეზიდენტ სააკაშვილის კომენტარი, რომელიც ამ თემას უკავშირდებოდა, იყო პირველი ღია და პირდაპირი განცხადება, რომ იარაღთან დაკავშირებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერები პირდაპირ კავშირში იყო ”მტრისა” და ”ოკუპანტის” მცდელობასთან შიდა დესტაბილიზაციის მოწყობის თაობაზე.

”მე ვფიქრობ წინა კვირებში ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ძალიან ეფექტური მუშაობის შედეგად, მათ სერიოზულად ჩაეფუშათ გეგმები შიდა არეულობის და დესტაბილიზაციის, სერიოზულად დაერღვათ, მაგრამ ამათზე  მათი პასუხი გუშინ იყო თავდასხმა ჩვენს პოლიციელებზე – ერთი პოლიციელი დაგვეღუპა სამწუხაროდ და რამდენიმე დაგვეჭრა,”- განაცხადა მან, ”ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი არ მოგვასვენებენ და ამაზე ილუზია არ უნდა გვქონდეს”.

მან 30 მარტს ეს განცხადება გააკეთა გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრის დროს, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

”ერთის მხრივ, ჩვენ ვართ მსოფლიო კრიზისის პირობებში, რომელმაც დაგვარტყა პირდაპირ რუსული აგრესიის შემდეგ, მეორეს მხრივ, ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის ოკუპირებული და, რა თქმა უნდა, საქართველოს მტერი, ოკუპანტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო წინ ვერ წავიდეს და შესაბამისად, ვერ შეიქმნას პირობები საქართველოს დეოკუპაციისთვის,”- განაცხადა მან.

”მაგრამ მიუხედავად ამ შემოტევებისა, მიუხედავად  ამ პროვოკაციებისა, ჩვენი განვითარება, ჩვენი წინსვლა, ჩვენი აღმშენებლობა უნდა გაგრძელდეს ორმაგი, სამმაგი, დაჩქარებული ტემპით,”- აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირებების შესრულება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)