საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართა ქართულ ჯარს და სრულიად საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ძალა საპროტესტო აქციებზე.
”მე მივმართავ სრულიად საქართველოს, მე მივმართავ ხელისუფლებას ჩვენსას, ოპოზიციას, მე მივმართავ საქართველოს ჯარს, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ძალა,”- განაცხადა პატრიარქმა.
”ადამიანი, ჯარისკაცი, რომელიც აღმართავს ხელს თავის ძმაზე, ის ვეღარ გამოდგება სამშობლოს დასაცავად,”- აღნიშნა ილია მეორემ და მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.
"გვიახლოვდება 9 აპრილი, დღე, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც თავისუფლებისათვის ერის ბრძოლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. შეიცვალა დრო და, რა თქმა უნდა, პრობლემებიც, მაგრამ საფრთხე როგორც უწინ, ახლაც არსებობს და მის თავიდან ასაცილებლად თვითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს," განაცხადა მან. ”ოფიციალური განცხადებებით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალადობას გამორიცხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მეთოდებშია მათი ძლიერება. ეს მართლაც ასეა; უფალი ჩვენი იესო ქრისტე ყველა პრობლემის გადაჭრას სწორედ მშვიდობით, სიკეთითა და სიყვარულით გვასწავლის. მაგრამ არ არის გამორიცხული პროვოკაციის საფრთხე.”
”ამიტომაც კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფალთ, – არ დაუშვათ ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მივმართავ ოპოზიციას, – მაქსიმალურად უზრუნველჰყავით აქციის მშვიდობიანი ფორმები.”
”გააცნობიერეთ, რომ ყოველგვარი აგრესია, მათ შორის სიტყვიერიც, დაუშვებელია და მისი ნებისმიერი გამოვლინება თქვენ თვითონ უნდა აღკვეთოთ… ნუ ვიქნებით კატეგორიულები და გახსოვდეთ, სამშობლოს კეთილდღეობა აღემატება ჩვენს პირად ბედნიერებასა და კეთილდღეობას,” დასძინა მან.
მან ასევე მიმართა ”საქართველოს არაქართულ მოსახლეობას” და განაცხადა: ”ჩვენ მრავალი ავისმსურველი გვყავს და არ არის გამორიცხული, პროვოკაციული ქმედებები თქვენს მიმართაც განხორციელდეს, რათა დაძაბულობის სხვა კერებიც გაჩნდეს; თქვენ საქართველოს შვილები ხართ და იმედი მაქვს, გამოავლენთ ამ ქვეყნისადმი თქვენ სიყვარულსა და ერთგულებას და საჭიროების შემთხვევაში მის სადარაჯოზე დადგებით.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)