ოპოზიციის ლიდერებმა განუცხადეს პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომ ისინი უკან არ დაიხევენ და აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე გაგრძელდება.
”მინდა გთხოვოთ იყოთ ისეთივე მშვიდი და დისციპლინირებული, როგორც გუშინ. თუ ის არ შეისმენს [სააკაშვილი გადადგომაზე მოთხოვნას], ეს მოედება მთელს თბილისს და შემდეგ სრულიად საქართველოს,”- განუცხადა გაჩეჩილაძემ მომიტინგეებს, ”მთავარია, რომ დღის წესრიგი დავუნგრიოთ მიხეილ სააკაშვილს – აი ეს არის მთავარი და არა ანარქია”.
”ჩვენ ჩვენი ორგანიზებულობით უნდა დავამარცხოთ სააკაშვილი,” – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა ეროვნული ფორუმიდან. ”დღეს ოპოზიცია არის უფრო მტკიცე და შეუპოვარი, ვიდრე იყო თუნდაც ორი წლის წინ. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, უკან დახევა და გადადგომა მოუწევს სააკაშვილს იმიტომ, რომ ასეთი არის თქვენი ნება. მოგიწოდებთ ერთადერთისკენ ვიყოთ ძალიან ფრთხილები, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს – ეს არის მათი ერთადერთი შანსი, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება”.
”ჩვენ მოგვიწევს რამდენიმე დღის განმავლობაში გავუძლოთ საკმაოდ რთულ ამოცანას. ეს არის გამოცდა გამძლეობის, ნებისყოფის, ერთგულების და სიმტკიცის. ამ გამძლეობის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად მივაღწევთ სააკაშვილის გადადგომას. ეს მოთხოვნა არ მოიხსნება, სანამ იგი არ გადადგება… სააკაშვილმა არ უნდა დაინახოს, რომ ხალხი დაიღალა და ხალხი შესუსტდა. ყველაფერი შეთანხმდება ხალხთან და გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ თქვენი დასტურით,” – განაცხადა ეკა ბესელიამ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის.
მან მიმართა მედიის ხელმძღვანელებს მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია. ”თუ რეგიონებში ხალხს არ ექნება ინფორმაცია რა ხდება რუსთაველზე, მთელი საქართველო დაიძრება თბილისში,”- განაცხადა მან.
როდესაც აქციაზე ნინო ბურჯანაძე გამოვიდა, ისევ გაისმა უარყოფითი შეძახილები ხალხიდან, თუმცა არა ისეთი მასშტაბის, როგორც ეს გუშინ მოხდა. თუმცა, მისმა განცხადებამ, რომ ის მზადაა პირდაპირ ეთერში ესაუბროს მიხეილ სააკაშვილს მომიტინგეების აპლოდისმენტები გამოიწვია.
”ჩვენ შევძლებთ გაერთიანებას და იმას, რომ ეს ქვეყანა ახალ გზაზე დავაყენოთ. მე არაერთხელ მითქვამს პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, რომელსაც თქვენ უზარმაზარი მანდატი მიეცით, რომ მას ეს შანსი ჰქონდა, მან ეს შანსი დაკარგა და ამას ჩვენ მას ვერასოდეს ვერ ვაპატიებთ. მან პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე, ან ნებისმიერმა, ჩემი ჩათვლით ვისაც რა გვაქვს დაშავებული, მაგრამ დღეს ვისაც შეგვიძლია, ეს უნდა გამოვასწოროთ,” – განაცხადა ბურჯანაძემ აქციაზე, ”თუ ვაჟკაცია სააკაშვილი, მოვიდეს, დაჯდეს ჩემთან ერთად პირდაპირ ეთერში და მე მზად ვარ თქვენი თანდასწრებით მას ველაპარაკო იმაზე როდის რა პოზიცია მქონდა, რამდენჯერ ვაფრთხილებდი, რომ თქვენ არ მოითმენთ შეურაცხყოფას, ფეხქვეშ ღირსების გათელვას, რომ თქვენ ხართ ხალხი, რომელსაც შეუძლიათ შიმშილობის, უშუქობის მოთმენა, მაგრამ რომლებიც არ მოითმენთ როცა თქვენს ღირსებას ფეხით გადაუვლიან. დღეს, ეს ისევე როგორც ბევრჯერ საქართველოში, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. მერწმუნეთ და დამიჯერეთ, რომ მე დღეს ბევრად უფრო ბედნიერი ვარ, რომ ვარ თქვენს გვერდით, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს და მე დაგიმტკიცებთ, რომ თქვენთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებ”.
თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა აქციაზე: ”ჩვენ გვინდა ვნახოთ საქმეები, რომლებიც ამ საუბარს შესაძლებელს გახდის. ჩვენ გვინდა, რომ აქ ჩვენს გვერდით ვნახოთ შალვა რამიშვილი, რომელიც მისი პირადი პატიმარია; ჩვენ გვინდა, რომ გამოძიებული იყოს საქმეები, რომელიც 7 ნოემბრის ძალადობას ეხება; ჩვენ გვინდა ვნახოთ ის ადამიანები, რომლებმა კობა დავითაშვილი სასიკვდილოდ გაიმეტეს და ამის შემდეგ ჩვენ მას დაველაპარაკებით იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს ის მშვიდობიანად… მიშა უნდა წავიდეს და საქართველოში უნდა დაიწყოს ახალი ეპოქა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)