ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა კნუტ ვოლებეკმა მოუწოდა აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ”შეწყვიტოს ზეწოლა გალის რაიონის ქართულ მოსახლეობაზე”.
”ძალიან შეშფოთებული ვარ გალის რაიონში მიმდინარე მოვლენებით, რამაც რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის გაუარესება გამოიწვია,” – განაცხდა მან 14 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეუთოს კომისრის განცხადებით, ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება ”მათი განათლების უფლებების შეზღუდვის, იძულებითი პასპორტიზაციის, აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებში იძულებითი გაწვევის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით.”
მან ასევე წუხილი გამოთქვა აფხაზეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩაკეტოს ადმინისტრაციული საზღვარი, ”რაც განსაკუთრებით ართულებს მოსახლეობისთვის ნათესაური კავშირების შენარჩუნებას, საჭირო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ან დე ფაქტო საზღვრის მეორე მხარეს თავიანთი პროდუქციის გაყიდვას”.
”შეშფოთებული ვარ, რომ ამგვარი იძულებითი პრაქტიკა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს, რეგიონში არსებული მყიფე შიდაეთნიკურ სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს და ბევრ ქართველს აიძულებს დატოვონ რეგიონი,” – განაცხადა ვოლებეკმა. ”მე ვიმეორებ, რომ საერთაშორისო ნორმები და სტანდარტები მოითხოვს, რომ ნებისმიერმა ხელისუფლებამ, რომელიც იურისდიქციას ახორციელებს მოსახლეობაზე და ტერიტორიაზე, თუნდაც ის არ იყოს აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის უფლებებს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან. მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას თავი შეიკავოს ნებისმიერი დაშინებისგან და აფხაზური მოქალაქეობის თავზე მოხვევისგან ან გალში მცხოვრები ქართველების იძულებით გაწვევისგან. ასევე მოვუწოდებ დე ფაქტო ხელისუფლებას პატივის სცეს ქართველების განათლების უფლებებს და საშუალება მისცეს რეგიონის ქართველ მოსწავლეებს ისწავლონ ქართულ ენაზე”.
”მესმის და მივესალმები რა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილს გააძლიეროს აფხაზეთის იდენტურობა და ენა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ამან უარყოფითი ზეგავლენა არ იქონიოს რეგიონის სხვა ეთნიკური ჯგუფების უფლებებზე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი საკუთარი ენა და კულტურა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)