Site icon Civil.ge

ოპოზიციის აქტივისტებს თავს ესხმიან

გასულ ღამეს პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად უცნობმა პირებმა ოპოზიციის სამ აქტივისტზე თავდასხმა განახორციელეს და სცემეს. ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

იმავდროულად, მომღერალმა და ოპოზიციის მხარდამჭერმა ზურაბ მანჯავიძემ განაცხადა, რომ ასევე გასულ ღამეს რუსთაველის გამზირის სიახლოვეს მას და მის ორ ძმას თავს დაესხნენ ნიღბიანები და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ინფორმაცია ოპოზიციის მხარდამჭერებზე განხორციელებული თავდასხმების ცალკეული ფაქტების შესახებ საპროტესტო აქციების დაწყების პირველი დღიდანვე ვრცელდება. ამ შემთხვევებს ანალოგიური ხელწერა აქვთ, რომლის დროსაც ადამიანების ჯგუფი თავს ესხმის ოპოზიციის აქტივისტებს, ძირითადად ღამით და არა პირდაპირ დემონსტრაციის ადგილებში, არამედ მიმდებარე ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის სწავლობს ამ ტიპის თითოეულ განცხადებას. სამინისტროს თქმით, ზოგიერთი ეს ინფორმაცია არ დადასტურდა და მიმდინარეობს სხვა შემთხვევების გამოძიება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) განაცხადა 13 აპრილს, რომ სულ ცოტა ერთ შემთხვევაში, საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა თავდასხმის ადგილის სიახლოვეს, თუმცა რეაგირება არ მოუხდენია. ”ჩვენ მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს დემონსტრაციების მონაწილეთა უსაფრთხოება; აღკვეთოს ძალადობის შემთხვევები; დაუყოვნებლივ გამოიძიოს უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი და შესაბამისი პასუხისმგებლობა დააკისროს საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს კანონით მათზე დაკისრებული მოვალოებების განხორციელების დროს,” – განაცხადა საიამ.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)