Site icon Civil.ge

სემნებისთან ცალკ-ცალკე შეხვედრებზე ოპოზიციის ლიდერები დიალოგის შესაძლებლობას იხილავენ

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერთა ”პოლიტიკურ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი”, მისი ”გადადგომის” საკითხი იდგება,  ”მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ მეორე მხარის მხრიდან, თუ თავად როგორ ფიქრობს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას”.

ეს განცხადება ალასანიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებისთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ოპოზიციურ ძალებთან დღეს დილიდან დაწყებულ ცალკ-ცალკე შეხვედრის ფორმატში ალიანსს სემნებისთან შეხვედრაზე ასევე წარმოადგენდა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ალიანსის მესამე სუბიექტის, ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელს.

”გვქონდა საუბარი შეხვედრის შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პრეზიდენტს. აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი, რომ შედგეს ეს შეხვედრა,”- განაცხადა ალასანიამ, ”ყველა ოპოზიციური ძალა  ვართ ერთ აზრზე, რომ განხილული იქნას ის ერთი საკითხი, რომელიც შევთავაზეთ ხელისუფლებას… საქართველოს პრეზიდენტის გადადგომა”.

მან ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ”თუ შეხვედრა შედგა, ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი”.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული უნდობლობის ფონზე, ევროკავშირის როლი ”განუზომელია” კრიზისის განმუხტვის კუთხით.

მისი თქმით, 14-მდე ოპოზიციური ლიდერის პოზიცია იდენტურია, რომ შეხვედრა შედგეს პრეზიდენტის გადადგომის დღის წესრიგით,

”ამასთანავე ვამბობთ, რომ თუ მეორე მხარე სხვა საკითხებსაც შემოგვათავაზებს, ჩვენ მზად ვართ წავიკითხოთ, გავერკვეთ და ხალხს გავაცნოთ, როგორც წარმოუდგენია ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის დელეგაცია, რომელიც შესაძლო დიალოგში მიიღებს მონაწილეობას, ჯერ განსაზღვრული არ არის.

”არიან პოლიტიკური ძალები, რომლებმაც უკვე განაცხადეს, რომ მათ ნამდვილად სურთ და დაბეჯითებით მოითხოვენ, რომ იყვნენ ამ შეხვედრაზე,”- განუცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებს, ”არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ არ აქვს სურვილი იქ ყოფნის, თუმცა ისინი არ ეწინააღმდეგებიან იმას, რომ შეთანხმებული დელეგაცია ასეთ შეხვედრაზე მივიდეს”.

ევროკავშირის წარმომადგენელს ასევე შეხვდნენ საქართველოს გზის და კონსერვატიული პარტიის ლიდერები.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების ”ახალი ხრიკია”, რომ ცალკ-ცალკე შეხვედრები მიმდინარეობს,

”ჩვენ ერთნაირად ველაპარაკებით [ევროკავშირს], არანაირი განსხვავებული პოზიცია არ არსებობს ოპოზიციაში, ”  – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, ”შეიძლება ველაპარაკოთ და შევხვდეთ სააკაშვილს ერთ შემთხვევაში, თუ ეს იქნება საჯარო და ერთი მოთხოვნის ირგვლივ”.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირეს კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებმა პიტერ სემნებისთან შეხვედრის შემდეგ. პარტიის ლიდერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ერთობლივ, წერილობით პოზიციას გამოაქვეყნებენ.

”ღია შეხვედრაზე, სადაც სააკაშვილის გადადგომა იქნება დაყენებული, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას,”- განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს. 

კონსერვატიული პარტიის მეორე ლიდერმა კახა კუკავამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა შეხვედრაში, განაცხადა: ”ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შიდა სახელისუფლებო დავა არსებობს ამ საკითხზე – გარკვეული ძალები მომხრე არიან, რომ სააკაშვილი წავიდეს და გარკვეული ძალები წინააღმდეგი”.

ევროკავშირის წარმომადგენელთან შეხვედრებზე ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ასევე დააყენეს მათ მხარდამჭერებზე გახშირებული თავდასხმების და ფიზიკური ძალადობის ფაქტები.

”მე მინდა განვაცხადო, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს საპასუხო რეაქციას მოქალაქეების მხრიდან და მოვუწოდებ ხელისუფლებას რეალურად გაერკვეს ამ სიტუაციაში და შეწყვიტოს ამ მეთოდებით ხალხის ტერორიზება,”- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კუკავას განცხადებით კი, თავდასხმების ფონზე პოლიტიკური დიალოგის შემოთავაზება არის ხელისუფლების “პოლიტიკური PR”.

დღის განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენელი ასევე გეგმავს სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)