რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გააფრთხილა, რომ რუსეთი ყურადღებით გაადევნებს თვალს საქართველოში დაგეგმილ ნატოს წვრთნებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ნატოს წევრი და პარტნიორი 19 ქვეყანა საქართველოში სამხედრო წვრთნების ჩატარებას 6 მაისიდან 1 ივნისამდე აპირებს.
”მიმაჩნია, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, ეს სახიფათო გადაწყვეტილებაა,” – განაცხადა მედვედევმა 17 აპრილს მოსკოვში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
”როდესაც სამხედრო ბლოკი წვრთნებს ატარებს იმ ტერიტორიების მახლობლად, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დაძაბულობის მაღალი დონე იყო და სადაც სიტუაცია კვლავ რთული რჩება, ეს სხვადასხვა ტიპის გართულებების რისკს ქმნის,” – განაცხადა მედვედევმა.
”ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სიტუაცია, სადაც ამგვარი წვრთნები ტარდება, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეაში ან სადმე სხვაგან, სადაც მზარდი დაძაბულობა შეინიშება,” – განაცხადა მან.
”რა თქმა უნდა, ეს პრობლემებს უქმნის მათ, ვინც შეშფოთებით ადევნებს თვალს სიტუაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დადებით ემოციებს არ გამოიწვევს არც სამხრეთ ოსეთის, არც აფხაზეთის ხალხებში, რადგანაც ამგვარი ქმედებები აშკარად ემსახურება კუნთების დემონსტრირებას, სამხედრო კომპონენტების ზრდას და იმ სიტუაციაში, როდესაც კავკასიაში ისედაც საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ამგვარი გადაწყვეტილება მიიჩნევა ახლომხედველურად და არაპარტნიორულად, თუ მხედველობაში გვაქვს რუსეთის და ალიანსის ურთიერთობა”.
”ამგვარი გადაწყვეტილებები იმედს გვიცრუებს და არ უწყობს ხელს სრულფასოვანი კონტაქტების განახლებას რუსეთის ფედერაციას და ნატოს შორის. ჩვენ დიდი ყურადღებით გავადევნებთ თვალს, თუ რა მოხდება იქ და საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას,” – დასძინა მედვედევმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)