Site icon Civil.ge

სერგეი ბაღაფში პრეზიდენტობას მეორე ვადითაც აპირებს

აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 17 აპრილს, მოსკოვში განაცხადა, რომ ის დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადითაც აპირებს იყაროს კენჭი, იუწყება ”აფსნიპრესი”.

”როგორც ჩანს, მე მეორე ვადითაც ვიყრი კენჭს, რადგან აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს არჩეული იქნას ორჯერ 5 წლის ვადით,”- განაცხადა მან.

ბაღაფშმა, ოფიციალური მოსკოვის პოზიციის მსგავსად, ასევე გამოთქვა შეშფოთება მაის-ივნისში საქართველოში დაგეგმილი ნატოს წვრთნების გამო და განაცხადა, რომ ეს არ ემსახურება კავკასიაში სტაბილურობას.

”ჩვენ თვალს ვადევნებთ სიტუაციას საქართველოში და საპასუხოდ ჩვენც ჩავატარებთ წვრთნებს,”- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერება და მის დაცვას აფხაზურ-რუსული ძალები ერთობლივად განახორციელებენ საქართველოში შიდა პოლიტიკური დაძაბულობისა და ნატოს მოსალოდნელი წვრთნების ფონზე.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)