Site icon Civil.ge

ოპოზიცია სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას არ ცვლის

აპრილის აქციებში მონაწილე პოლიტიკურმა ძალებმა 18 აპრილს ”დიალოგის თემით ხელისუფლების უშედეგო სპეკულაციის” ფონზე განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე უცვლელი რჩება.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის დღეს ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა წაიკითხა, რასაც სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

”სააკაშვილთან შეხვედრისთვის დღის წესრიგში გვაქვს ერთი საკითხი – მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ არა გვაქვს არანაირი სხვა წინაპირობა,”- ნათქვამია განცხადებაში.

”რაც შეეხება სხვა კონკრეტული პრობლემების მოგვარებას, ჩვენ ხელს არ ვუშლით ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გადადგას დიდი ხნის წინ გადასადგმელი ნაბიჯები და თანამდებობებს ჩამოაშოროს მოძალადეები, გამყალბებლები და ცენზორები,”- აცხადებენ ოპოზიციური პარტიები, ”ჩვენ მივესალმებით ამავე მიმართულებით საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედით ძალისხმევასაც”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)