საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ნატოს დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით ალიანსში რუსეთის ელჩის დიმიტრი როგოზინის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.
”როგოზინი არ არის ისეთი ინტელექტუალური დონის პიროვნება, რომ ღირდეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მასზე კომენტარის გაკეთება,” – განუცხადა მან საზოგადოებრივ მაუწყებელს სტოქჰოლმში, სადაც იგი 20 აპრილს თავის შვედ კოლეგას კარლ ბილდტს შეხვდა.
”რაც შეეხება ნატოს პოზიციას ნატოს დაგეგმილ წვრთნებზე, საქართველოს აქვს კონსტიტუციური უფლება ჩაატაროს თავის სუვერენულ ტერიტორიაზე რა წვრთნებიც უნდა და რუსეთს აქ აქვს უფლება ჰქონდეს რაიმე აზრი ამასთან დაკავშირებით,” – აღნიშნა მან, ”ნატოს წვრთნებზე კომენტარის გაკეთების ნაცვლად, რუსეთმა უმჯობესია საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია დაიწყოს”.
რუსეთის ელჩმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა განუცხადა რუსულ არხს ”ვესტი” 20 აპრილს, რომ მან წერილი გაუგზავნა ნატოს გენერალურ მდივანს, რომელშიც აუხსნა მოსკოვის პოზიცია, თუ რატომ უნდა შეიკავოს თავი ალიანსმა წვრთნების საქართველოში ჩატარებისგან. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც სრულად არ არის აღდგენილი ნატო-რუსეთის ურთიერთობები, ალიანსის წვრთნები საქართველოში რუსეთის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს; მან ასევე განაცხადა, რომ ნატოს საომარი თამაშები აღქმული იქნება, როგორც პროვოკაციული ნაბიჯი აგვისტოს ომის ჭრილში; როგოზინმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს წვრთნების დროც არასწორად იქნა შერჩეული საქართველოში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)