მოლაპარაკება და შეთანხმება შესაძლებელია ყველა საკითხზე, გარდა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომისა, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით დარჩიაშვილმა საავტორო სტატიაში, რომელიც გაზეთ ”24 საათში” 22 აპრილს გამოქვეყნდა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება სთავაზობს ოპოზიციას კომპრომისის შესაძლებლობას ”საღი აზრიდან და ძალთა რეალური ბალანსიდან გამომდინარე”.
”ოპოზიცია ნათელ და ერთიან პასუხს აგვიანებს. მეჩვენება, რომ მისი ლიდერების ნაწილი თავისივე რადიკალური ულტიმატუმის ტყვეა ან/და რიგით მხარდამჭერებში სახის შენარჩუნება უნდა. არც ისაა გამორიცხული, რომ მავანს ისევ ეგონოს, რომ დრო მის მხარეზეა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ნერვები უმტყუნებს,” – წერს დარჩიაშვილი.
მისი თქმით, მოთხოვნა ”შენ წადი – მე მოვალ” მიუღებელია დიალოგის დღის წესრიგისთვის.
”სხვა ყველა საკითხი განხილვადია და მათზე შეთანხმებაც – შესაძლებელი. ოღონდ შეთანხმება არ ნიშნავს ცალმხრივ დათმობას,” – წერს იგი.
შემდეგ დარჩიაშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს იმ თემებს, რომლებიც, ხელისუფლების თქმით, შესაძლოა გახდეს ოპოზიციასთან განხილვის საკითხი. ესაა: კონსტიტუციური ცვლილებები, მათ შორის პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვა პარლამენტის სასარგებლოდ; ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაფართოება; პოლიციაზე სამოქალაქო კონტროლის დამყარება და საარჩევნო კოდექსი.
”დიალოგის პროცესში განსახილველი თემატიკის მეტ დეტალებში შესვლა სპეკულაცია იქნებოდა,” – აცხადებს იგი.
დარჩიაშვილის თქმით, გულწრფელი ფიქრი ქვეყანაზე და მის მომავალზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი, და არა მხლოდ ოპოზიციის გარკვეული ლიდერები, გაითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებს. აქვე იგი წერს, რომ რუსეთის საფრთხის ფონზე ”საკუთარ მთავარსარდალზე ქილიკი და და მისი შეცვლის მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსამართლოა”.
ამ პრინციპების კონტექსტში, იგი ასავე მოიხსენიებს ”რამოდენიმე კრიმინალურ საქმეს, რომელიც ბევრ ადამიანში აღძრავს ეჭვს და ჩრდილს აყენებს გამოძიებისა თუ სასამართლო განაჩენის ობიექტურობას”. ერთ-ერთი ასეთი საქმე სანდრო გირგვლიანის მკვლელობას უკავშირდება.
ამ კონკრეტული საქმის ხსენების გარეშე, დარჩიაშვილი წერს: ”ასეთი შემთხვევებისგან არც ერთი დემოკრატიული ქვეყანაა დაზღვეული. მიტინგი ვერ იქნება სასამართლოს ალტერნატივა, თუნდაც მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება თუ წარმომადგენელი არ მოგწონდეს”. იგი ასევე აცხადებს, რომ 2006 წლის შემდეგ ”უპრეცედენტო” ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემის გაძლიერების მიზნით და იგი ასევე აქებს შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რადგანაც ”პოლიცია პირველად დადგა მასშტაბურად თავისი ძირეული მოვალეობის – საზოგადოებრივი წესრიგის სამსახურში”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)