Site icon Civil.ge

ოპოზიციის თქმით, მის აქტივისტს კისტის თოფიდან ესროლეს

ოპოზიციის თქმით, მთავრობის კანცელარიის წინ იმპროვოზირებულ საკნებში განთავსებულ აქტივისტს 25 აპრილს კისტის თოფიდან ესროლეს.

ტელევიზიით გავიდა კადრები, სადაც ჩანს თემურ ბერიძე, ოპოზიციის აქტივისტი ბათუმიდან, დასისხლიანებული სახით და მარჯვენა თვალის ქვემოთ ნატყვიარევით.

ოპოზიციის განცხადებით, კისტის თოფიდან გასროლა გენერალური ინსპექციის შენობიდან განხორციელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციისთვის არავის მიუმართავს საქმის გამოძიების მოთხოვნით.

იმავდროულად, სტუდია ”მაესტრომ” უჩვენა კადრები, სადაც ჩანს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, რომელიც გამოდის აივანზე და ქვემოთ ისვრის წყლით სავსე ცელოფანის პარკს. შემდეგ იგი ნაჩქარევად ბრუნდება ოთახში. ”მაესტროს” თქმით, წყლით სავსე პარკები ქვემოთ მდგარ ოპოზიციის აქტივისტებს ესროლეს.

მასთან ერთად აივანზე ასევე ჩანს რამოდენიმე პიროვნება, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელში სავარაუდოდ კისტის თოფი უჭირავს.

ვასილ სანოძე, შსს-ს კიდევ რამოდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად, სამსახურიდან 2006 წელს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გაათავისუფლეს. ოფიციალურად, მას რაიმე თანამდებობა არ უკავია. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებობს ვარაუდები, რომ იგი კვლავაც განაგრძობს თავისი მოვალეობების შესრულებას.

იმავდროულად, პარლამენტის წინ კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციის მეჩვიდმეტე დღე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)