Site icon Civil.ge

გამყრელიძე: ოპოზიციას ერთიანი ლიდერი სჭირდება

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ერთიანი ლიდერის არარსებობა სრულიადაც არ წარმოადგენს ოპოზიციის უპირატესობას, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსი აცხადებს.

”აჯობებდა, ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანებულიყო ოპოზიცია,” – განაცხადა მან გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა. ”ჩვენ ვფიქრობდით, რომ საზოგადოებისთვის სააკაშვილის ალტერნატივა უნდა შეგვეთავაზებინა, ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთიან ლიდერზე უნდა შეთანხმებულიყო და ამის შემდგომ დაგვეწყო ფორსირებული ბრძოლა”. 

თებერვალში, როდესაც ახალმა მემარჯვენეებმა, რესპუბლიკურმა პარტიამ და ირაკლი ალასანიას გუნდმა ალიანსი საქართველოსთვია ჩამოაყალიბეს, მათ განაცხადეს, რომ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ალასანია ალიანსის საპრეზიდენტო კანდიდატი იქნებოდა. ამ განცხადებამ ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის კრიტიკა გამოიწვია, რომელთა თქმითაც, სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ ძალაუფლებაში რჩება, ძალიან ადრეა კანდიდატების დასახელება.

”ლიდერი აუცილებელია, როდესაც ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას არჩევნებით კი არა, საპროტესტო აქციებით ვცდილობთ. თუ გადავხედავთ პოსტსოციალისტურ ქვეყნებს, სადაც ხელისუფლება ასეთივე გზით შეიცვალა, ყველგან ჰყავდათ გამოკვეთილი ლიდერი, რომლის საშუალებით ოპოზიცია გაცილებით ადვილად და ოპერატიულად იმართებოდა,” – განაცხადა გამყრელიძემ.

”ამ ლიდერის მაგალითზე, მისი ქცევისა და განცხადებების საფუძველზე ექმნებოდა შიდა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას ქვეყანაზე წარმოდგენა,” – განაგრძო მან. ”დღეს ოპოზიციაში ლიდერების სიმრავლეა და შეგნებულად ხდება ხაზგასმა, ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერი, 15-პარტიული მმართველობააო. ცდება, ვინც ფიქრობს, რომ საზოგადოებას არ აქვს კითხვა: ვინ, თუ არა მიშა? ამ კითხვას ოპოზიციამ დროულად უნდა უპასუხოს. ძალიან მომწონს იდეა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბევრი კანდიდატი იყოს, მაგრამ ეს გაამართლებს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდება”.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრისისი არის ”ნერვების ომი, ბრძოლა გამძლეობაზე”.

”უკრაინაში ორი თვე გაგრძელდა აქციები მაიდანზე, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა გაუძლო. მით უმეტეს, აქციები ზამთარში, ძლიერ ყინვაში მიმდინარეობდა. ძალიან მინდა, ჩვენი ქართული გეტოც ასევე მოწესრიგებული და სუფთა იყოს,” – დასძინა მან.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)