Site icon Civil.ge

ალასანია მოლაპარაკებებისთვის წინადადებებს წარმოადგენს

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ იგი ”კონკრეტულ წინადადებებს” წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილთან ოპოზიციის შეხვედრისთვის.

1 მაისს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუში ”პოზიცია” საუბრისას ალასანიამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება წინაპირობების გარეშე.

”საჭიროა შეხვედრა და ჩვენ ვემზადებით ამ შეხვედრისთვის. მომდევნო რამოდენიმე დღეში ჩემი პოლიტიკური გუნდი აპირებს შეხვედრისთვის კონკრეტული წინადადებების შემუშავებას; ეს წინადადებები პირველ რიგში წარედგინება ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორებს [ახალ მემარჯვენეებს და რესპუბლიკელებს],” – განაცხადა ალასანიამ. ”თუ შეხვედრა შედგება, მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელი იქნება კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა”.

”თუ როგორ განვითარდება პროცესები შეხვედრის შემდეგ, დამოკიდებული იქნება, თუ რამდენად კონსტრუქციული იქნება ხელისუფლება და დამიჯერეთ, რომ ოპოზიციის შემდგომი ნაბიჯები იქნება ადექვატური,” – განაცხადა ალასანიამ.    

მისი თქმით, ოპოზიციის ტაქტიკა უნდა იყოს ”მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გაგრძელება და ამავე დროს, ახალი ფრონტის, ახალი არხის გახსნა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შევძლებთ ჩვენი პოზიციების წინ წამოწევას – არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები”.

”ეს არის ჩემი პოზიცია,” – განაცხადა ალასანიამ. მან აღნიშნა, რომ იგი თავისი პოლიტიკური გუნდის სახელით საუბრობს, რომელიც 2009 წლის თებერვალში შეიქმნა და რომელიც ერთი კვირის შემდეგ რესპუბლიკელების და ახალი მემარჯვენეების ალიანსს შეუერთდა.

ალასანიას პოლიტიკური გუნდი ჯერ ოფიციალურ პოლიტიკურ პარტიად არ ჩამოყალიბებულა, თუმცა 1 მაისს მან აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას გეგმავს.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება დიალოგისკენ მოუწოდებს, მათ ჯერ რაიმე კონკრეტული წინადადებები არ წამოუყენებიათ.  

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 1 მაისს განაცხადა, რომ ხელისუფლება უახლოეს დღეებში გეგმავს სერიოზული ინსტიტუციონალური რეფორმების დაწყებას და მოუწოდა ოპოზიციას ჩაერთოს ამ პროცესში.

მან ასევე განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობენ დიალოგზე ითხოვენ რა პრეზიდენტის გადადგომას.

”თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს ნამდვილად სურთ დიალოგი და არა მხოლოდ ამ სიტყვის გამოყენება, მე მათ მოვუწოდებ უახლოეს დღეებში გააკეთონ არჩევანი სურთ თუ არ სურთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციონალურ, დემოკრატიულ რეფორმებში მონაწილეობა,”- განაცხადა ბაქრაძემ.

ალასანიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადება თავისთავად უკვე შეიცავს ულტიმატუმს კონკრეტული ვადების დასახვის გამო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)