პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მიეკუთვნება იმ საკითხებს, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ვერასდროს ვერ შეთანხმდებიან.
”არანაირ რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ არის,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”შესაძლებელია იყოს საკითხები, სადაც ჩვენ ოპოზიციასთან გვექნება რადიკალურად განსხვავებული აზრი და ვერასდროს ვერ შევთანხმდებით, თუნდაც იმავე რიგგარეშე არჩევნების საკითხში. და თუ გამოჩნდება სხვა საკითხები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ და დავიწყოთ თანამშრომლობის პროცესი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს სხვა საკითხები”.
გორში, პარლამენტის ბიუროს გასვლით სხდომაზე ბაქრაძის ეს რეპლიკა უმცირესობიდან მისი მოადგილის პაატა დავითაიას განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ დიალოგის საბოლოო შედეგი ინსტიტუციური რეფორმების გზით ვადამდელი არჩევნების დანიშვნა უნდა გახდეს.
”ქვეყანაში უნდა განხორციელდეს ინსტიტუციონალური ცვლილებები. სხვანაირად სიტუაცია არ განიმუხტება და ინსტიტუციონალური ცვლილებების განხორციელება უნდა მოხდეს იმ თვალსაზრისით, რომ ცვლილებების საკითხი დიალოგთან და მსჯელობის საკითხთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ვადამდელი საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს უნდა მოხდეს კონსენსუსის და ინსტიტუციონალური ცვლილებების გზით,”- განაცხადა დავითაიამ.
იმავდროულად, დავით ბაქრაძე მიესალმა იმ ფაქტს, რომ ”ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში იკვეთება რამდენიმე ლიდერი,” რომელიც მზად არის დიალოგისთვის.
”რა თქმა უნდა, სასურველია ეს იყოს დიალოგი და არა ულტიმატუმის გადაცემის ახლებური ფორმა,”- განაცხადა მან, ”შინაარსობრივი დიალოგისთვის, ჩვენის მხრივ, ყოველთვის მზად ვართ”.
”ბუნებრივია, დიალოგი გულისხმობს იმას, რომ მხარეებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები; შეიძლება იყოს მთელი რიგი საკითხები, რაზეც ჩვენ ვერ შევთანხმდებით და საკითხები, რომლებიც დარჩება შეუთანხმებელი და ღია, მაგრამ დიალოგი გულისხმობს იმასაც, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ საერთო თემები, საერთო საკითხები, სადაც შეგვიძლია დავიწყოთ ერთად მუშაობა,”- აღნიშნა ბაქრაძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება გამოდის ”კონკრეტული ინსტიტუციონალური რეფორმების ინიციატივებით”.
”და თუ რადიკალური ოპოზიციის ნაწილი მაინც გაიზიარებს ხელისუფლების შეთავაზებას, რომ დავიწყოთ ინსტიტუციონალური და სახელმწიფოებრივი რეფორმები და სწორედ ეს რეფორმები გახდეს ის ნაწილი, ის საფუძველი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია დიალოგის კონსტრუქციის აგება დავიწყოთ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით”.
აპრილის აქციების დაწყების შემდეგ 4 მაისს ბიუროს მესამე სხდომა გაიმართა და მანამდე ასევე შედგა რამოდენიმე კომიტეტის გასვლითი სხდომა. წინა კვირაში პარლამენტს ბიუროს სხდომა საერთოდ არ გაუმართავს; 9 აპრილის აქციების დაწყების შემდეგ არცერთხელ არ შეკრებილან დეპუტატები პლენარულ სხდომაზე. ამ დროიდან უპრეცედენტო შეზღუდვებია დაწესებული პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების და მოქალაქეების შეშვებაზე. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს დეპუტატებსა და აქციის მონაწილეებს შორის პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში პროვოკაციების თავიდან არიდებას.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ მუშაობის ასეთი გრაფიკით პარლამენტი კანონს არღვევს.
კანონის ძალის მქონე პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ”პარლამენტის ადგილსამყოფელის დროებით შეცლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს”. ამასთან, კვირამონაცვლეობით პარლამენტის სესიის ერთი კვირა ეთმობა კომიტეტების მუშაობას და მეორე – პლენარულ სხდომებს. რეგლამენტის 128 მუხლის მე-4 პუნქტი ამბობს: ”საჭიროების შემთხვევაში, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, პარლამენტს ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში”.
იმავდროულად, 5 მაისს ოპოზიცია სამ ადგილას გეგმავს ცენტრალური მაგისტრალების გადაკეტვას ერთი საათით: დასავლეთ საქართველოდან თბილისში შემოსასვლელი; აღმოსავლეთ საქართველოდან დედაქალაქში შემოსასვლელი და თბილისის რუსთავთან და ქვემო ქართლთან დამაკავშირებელ გზაგასაყარ მოედანთან. ეროვნული ფორუმის ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძის თქმით, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე მოხდება ამ ადგილებში ავტოტრანსპორტის ბლოკირება.
“8 მაისს კი, გაიმართება პიკეტირება რეგიონების ცენტრალურ ტრასებზე,” – ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაში. ”8 მაისის პიკეტირების დროს სააკაშვილს მიეცემა 72-საათიანი ვადა, რათა დააკმაყოფილოს ხალხის ნება გადადგომის თაობაზე და დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციურად გადაბარების საკითხებზე. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 11 მაისს ცენტრალურ ტრასაზე მოეწყობა ავტომობილებით პიკეტირება, პიკეტირების ადგილები კი, 10 მაისს გამოცხადდება”.
გუბაზ სანიკიძემ განუცხადა მომიტინგეებს 4 მაისს, რომ ამგვარი ქმედება გარკვეულ უხერხულობას შექმნის, ”მაგრამ მეორე მხრივ არსებობს დაკარგული ტერიტორიები, გონებასუსტი პრეზიდენტი და დანგრეული ქვეყანა; ასე რომ თავი უნდა შევიწუხოთ”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)