საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე წარადგინეს 26 მაისამდე გაწერილი ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს თბილისსა და რეგიონებში აქციების, მანიფესტაციებისა და პიკეტირების მოწყობას.
26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ოპოზიცია მხარდამჭერების შეკრებას დინამოს სტადიონზე გეგმავს, საიდანაც მოეწყობა ხალხმრავალი ”აღლუმი” რუსთაველის გამზირისკენ. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 26 მაისს ოპოზიციის ამ ”პროვოკაციულ” წამოწყებას არ წამოეგება და თუ ამის პირობები არ იქნება, რუსთაველის გამზირზე ტრადიციულ სამხედრო აღლუმს არ ჩაატარებს.
”მიხეილ სააკაშვილს ძალიან აღიზიანებს და აშინებს გადაკეტილი ქუჩები, პიკეტები სახელმწიფო დაწესებულებასთან, სახალხო პატრული, რომელიც იცავს ჩვენს ხალხს, ამიტომ დიახაც, გადაიკეტება ქუჩები, გაიშლება პიკეტების რაოდენობა სახელმწიფო დაწესებულებებთან, გაიზრდება სახალხო პატრულის რაოდენობა, გადაიკეტება ტრასები და ა.შ.,”- განაცხადა სამოქმედო გეგმის წარდგენისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კოკა გუნცაძემ 13 მაისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე.
თუმცა იმ გეგმაში, რომელიც მან გამოაცხადა, არ არის გათვალისწინებული მთავარი მაგისტრალების გადაკეტვა-პიკეტირება, რასაც ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრამდე გეგმავდა.
26 მაისის ”გრანდიოზული დღესასწაულის მომზადების ფარგლებში” ოპოზიციის სამოქმედო გრაფიკი ასეთია: 14 და 15 მაისს 9 საათიდან 13 საათამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოეწყობა ”სირცხვილის დერეფანი” და პიკეტი ყველა შესასვლელთან; 16 მაისს 15 საათზე ნაძალადევის რაიონის ცენტრალური ქუჩაზე გადაიკეტება გზა და ჩატარდება მიტინგი; 17 მაისს 13 საათზე ისანში და 15 საათზე დიდუბეში გადაიკეტება ცენტრალური გზები და ჩატარდება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან; 18 მაისს იგეგმება შეხვედრა საზოგადოებრივ ჯგუფებთან; ასევე ”რუსთავი 2”-თან ჩატარდება აქცია, საიდანაც დაიძრება მანიფესტაცია შსს-ის მოდულის შენობასთან პიკეტის მოწყობის მიზნით; 19 მაისს იგეგმება სტუდენტური აქცია, ასევე პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების მანიფესტაცია პრეზიდენტის რეზიდენციისკენ.
20 მაისიდან ამ კამპანიაში ჩაერთვება გიორგი გაჩეჩილაძე იგივე ”უცნობი”, რომელიც დატოვებს თავის ”საკან #5”-ს და გაემგზავრება ბათუმში ოპოზიციის ლიდერების ჯგუფთან ერთად, სადაც იგეგმება ”გრანდიოზული” აქციის ჩატარება; 21 მაისს დაგეგმილია ქუთაისში სტუმრობა, ასევე შედგება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; 22 მაისს თელავში, გურჯაანში, საგარეჯოში გაიმართება შეხვედრები; 23 მაისს თბილისში, ვარკეთილში ჩატარდება მიტინგი.
”25 მაისს ჩვენ ყველა შევუერთდებით ”უცნობს”, რომელიც დაბანაკდება საღამოს ჯვრის მონასტრის ქვემოთ და იქიდან დაიძრება 26-ში თბილისის მიმართულებით და შემოვა თბილისში დინამოს სტადიონზე. იქ ჩვენ ჩავატარებთ სამოქალაქო აღლუმს, ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს რამდენი ვართ და დავიძრებით დიდი მსვლელობით რუსთაველზე,”- განაცხადა კოკა გუნცაძემ.
თუმცა მიტინგზე არაფერი თქმულა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ საკნების აღებისა და კოსტავას გამზირის გახსნის გეგმებზე, რომელიც ალიანსი საქართველოსთვის ინიციატივით 14 მაისს შესრულდება. ოპოზიციას 14 აპრილიდან აქვს გადაკეტილი კოსტავას ქუჩა, რაც ალიანსის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსახლეობას უფრო უქმნის დისკომფორტს, ვიდრე ხელისუფლებას.
იმავდროულად, პარლამენტის წინ 17 საათზე ყოველდღიურად გაიმართება საინფორმაციო მიტინგები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)