რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა 14 მაისს სოჭში სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მიიღო და თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრის შემდეგ ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზების აფხაზეთში განთავსების ხელშეკრულებას სავარაუდოდ, ორ კვირაში მოეწერება ხელი, ხოლო ივნისიდან უკვე 850-მდე რუსი მესაზღვრე შეუდგება აფხაზებთან ერთად საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის დაცვას, იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც რუსეთმა სეპარატისტულ რეგიონებთან ცოტა ხნის წინ გააფორმა.
”შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერის და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ჩვენ გვიჩნდება ახალი დამატებითი შესაძლებლობები ერთობლივი მუშაობის ორგანიზებისთვის ყველა მიმართულებით, მათ შორის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის,”- განაცხადა პუტინმა შეხვედრის დასაწყისში.
”იტარ-ტასსი” იტყობინება ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ რუსეთი 1-1.5 მლრდ რუბლის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს სეპარატისტულ აფხაზეთს საბანკო სისტემისა და რკინიგზის განვითარებისათვის.
პუტინთან შეხვედრის დაწყებისას ბაღაფშმა მას განუცხადა: ”მერწმუნეთ ის დახმარება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, იქნება ზუსტად მიმართული”.
იმავდროულად, ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო სერგეი ბაღაფშის ოფიციალური მიწვევა აფხაზეთში და ეს ვიზიტი უახლოეს ხანებში შედგება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)