საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის რაოდენობა 2009 წლის აპრილიდან 35%-ით შემცირდა, განაცხადა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ 20 მაისს.
”მიუხედავად ჩვენს მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისა, რომ ფრთხილად მოვკიდებოდით რკინიგზის ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში, ბოლო დროს გახშირდა განცხადებები რკინიგზის გადაკეტვის თაობაზე. გაიჟღერა აფეთქების გეგმამაც,” – განაცხადა ეზუგბაიამ. ”ბუნებრივია, გადამზიდავი კომპანიები სათუთად ეკიდებიან ასეთ განცხადებებს. შესაბამისად, სახეზეა ისეთი ძლიერი კომპანიების მხრიდანაც კი, როგორებიც არიან “შევრონი“ და “ექსონი“, ან გადაზიდული მოცულობების შემცირება ან მათი საერთოდ მოხსნა საქართველოს მიმართულებიდან”.
მისი თქმით, ტვირთბრუნვის შემცირების გამო საქართველოს რიკინიგზას მოუწევს სამუშაო ადგილების შემცირება. ”ამ გადაწყვეტილების შედეგად 35 000 ჩვენი თანამემამულე შემოსავლის გარეშე დარჩება,” – განაცხადა ეზუგბაიამ.
მოგვიანებით, იმავე დღეს საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურმა ახსნა, რომ განცხადებები ”რკინიგზის აფეთქების გეგმების” შესახებ უკავშირდება მუხროვანის ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს გია ღვალაძეს, რომელიც აცხადებს ფარულ ვიდეოჩანაწერში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 მაისს გამოაქვეყნა, რომ გეგმა ითვალისწინებდა იმას, რომ ”აეროპორტი ჩაკეტილი იქნება, რკინიგზა აფეთქდება”.
თავის ბოლო საჯარო გამოსვლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ახსენა რამდენჯერმე რკინიგზის საკითხი ოპოზიციასა და შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას. ”არის ხალხი, რომელიც იძახის უნდა გადავკეტოთ პორტები, აეროპორტები, გზები, იმიტომ, რომ ჩვენ სკამები გვინდა,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ვერასდროს, ვერავინ საქართველოში ვერც გზები ვეღარ გადაკეტოს, ვერც რკინიგზის თვითბლოკადა ვერ გამოაცხადოს და ვერც სხვანაირად გაუმწაროს ჩვენ ხალხს ცხოვრება და შეუშალოს განვითარებაში ხელი.”
საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მაისის დასაწყისში გაახმოვანეს გეგმები აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის ბლოკირების თაობაზე. თუმცა, მათი გეგმა არ ითვალისწინებდა რკინიგზის ბლოკირებას. მოგვიანებით, ოპოზიციამ მაგისტრალების ჩაკეტვის გეგმა გადადო. მხოლოდ 19 მაისს აქტივისტებმა 40 წუთით გადაკეტეს შსს-ს მახლობლად მდებარე მაგისტრალი, რომელიც თბილისს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილთან აკავშირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)