ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 53.3 მილიონი აშშ დოლარი გადმოურიცხა იმ 1 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში, რომლის გამოყოფასაც აშშ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დაპირდა, განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა 21 მაისს.
მთლიანი თანხის პირველი ნაწილი – 250 აშშ დოლარი – საქართველომ 2008 წლის ნოემბერში მიიღო.
ბოლოს გადმორიცხული თანხიდან 20 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება კარგი მმართველობის, სამოქალაქო ჩართულობის, არჩევნების და მედიის პროგრამებს.
”ეს ითვალისწინებს: დიალოგის მხარდაჭერას და დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების და ხელისუფლებასთან მისი კავშირების გაძლიერების გზით,” – განაცხადა აშშ-ს საელჩომ.
დახმარების პაკეტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო მართვის გაუმჯობესებას, მათ შორის პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდის კუთხით; ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას კანონის უზენაესობის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების მეშვეობით და დახმარებას ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განხორციელებაში; დემოკრატიულ პროცესებში პოლიტიკური პარტიების როლის ზრდასა და საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას; ასევე მედიის მხარდაჭერას, მათ შორის პროფესიონალიზმის გაზრდის თვალსაზრისით, რათა საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს ობიექტურ ინფორმაციაზე.
18 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდება ენერგინფრასტრუქტურას და ეკონომიკურ სტიმულირებას; 8 მილიონი – ჯანდაცვის, განათლების და სოციალურ სამსახურებს; 5.965 მილიონი – საზღვრის უსაფრთხოებას, კონტრტერორიზმს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმას, ხოლო 1.2 მილიონი – ჰუმანიტარულ დახმარებას, რათა შეივსოს სავალდებულო ჰუმანიტარული მარაგი, რომელიც აგვისტოს ომზე სწრაფი რეაგირებისას დაიხარჯა და ასევე დახმარებას აგვისტოს ომის შედეგად დევნილთათვის.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)