Site icon Civil.ge

დამოუკიდებლობის დღეს ათასობით მომიტინგე შეიკრიბა

თბილისის სტადიონზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ოპოზიციის მხარდამჭერი ათასობით საქართველოს მოქალაქე შეიკრიბა, რომლებიც მოგვიანებით სამების საკათედრო ტაძრისკენ დაიძრნენ. 

ამისკენ სტადიონზე მიტინგის დასასრულს მოქალაქეებს ოპოზიციური მოძრაობის არაოფიციალურმა ლიდერმა, მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ მოუწოდა. მისი თქმით, პატრიარქი ”დაგვანახებს გზას მომავლისკენ”.

”ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, ჩვენ არ გვყავს მთავრობა, მაგრამ ჩვენ გვყავს სულიერი მამა, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე,”- განაცხადა მან, ”დავიძრათ სამების საკათედრო ტაძარში და უწმინდესმა და უნეტარესმა მიგვიღოს, შეგვიფაროს, როგორც თავისი შვილები და მოგვმართოს რა უნდა გავაკეთოთ ამის მერე. ვიყოთ იქ, სანამ არ მოვისმენთ უწმინდესის და უნეტარესისგან, თუ რა გზით უნდა ვიაროთ ჩვენ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორ უნდა მივიდეთ სიყვარულის საქართველომდე”. 

”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2009 წლის 26 მაისი ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს,”- დასძინა მიტინგის დასკვნითი სიტყვის დასასრულს გია გაჩეჩილაძემ.

თავდაპირველად, სტადიონზე შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერები და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. მათ მოგვიანებით შეუერთდაგია გაჩეჩილაძე, რომელიც დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღიანი კამპანიის შემდეგ გუშინ საღამოს მცხეთაში დაბანაკდა და დღეს დილით მსვლელობით გამოემართა თბილისისკენ. ლიდერებს და განსაკუთრებით გია გაჩეჩილაძეს, რომელიც ხელში აყვანილი შემოიყვანეს სტადიონზე, იქ შეკრებილი მოსახლეობა ოვაციებით შეხვდა.

გია გაჩეჩილაძემ პირველმა მიმართა მომიტინგეებს სტადიონზე, რომელიც 55 000 ადამიანს იტევს, და განაცხადა, რომ ის დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს დღევანდელი დღე. ”ის, რასაც ჩვენ ვხედავთ აქ არის იმ ბოროტების დასასრულის ტოლფასი, რომელიც საქართველოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე მეფობს,”- განაცხადა მან.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა შეასრულეს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საზოგადოების წარმომადგენლებმა და ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დღეის შემდეგ ყველა ნაბიჯი ნაკარნახევი იქნება ”არა მარტო გულით, არამედ გონებით”. 

”დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავანახეთ საკუთარ ხალხს, საკუთარ ხელისუფლებას და  მსოფლიოს, რომ ჩვენ ერთად ვიდგებით, სანამ არ შეიცვლება ხელისუფლება მშვიდობიანად ამ ქვეყანაში,”- განაცხადა მან, ”შეიცვლება ხელისუფლების შინაარსი, მაგრამ პირველ რიგში შეიცვლება ჩვენი მენტალიტეტი”. 

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაუძღვება საქართველოს, ერთში მთელი ერი ვართ გაერთიანებული, რომ  საქართველოს ერთიანობას აღვადგენთ,” – აღნიშნა მან.

ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ მიმართა აფხაზებს და ოსებს. ”კეთილი იყოს მათი მობრძანება საქართველოში”, – განაცხადა მან და სტადიონი აიყოლია შესახილებში: ”აფხაზებს გაუმარჯოს! ოსებს გაუმარჯოს!”.

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უკან დახევა არ იქნება სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნაში.

”პირველი 26 მაისია, რომელიც ხალხმა მოაწყო და ის პრეზიდენტ სააკაშვილის გარეშე ტარდება. პრეზიდენტის, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მალე აღარ იქნება,”- მიმართა მან მომიტინგეებს, ”თქვენ დაამტკიცეთ ის, რომ თქვენ შეაშინეთ ის, ვისაც ჩვენი შეშინება უნდოდა. თქვენ დაუმტკიცეთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს”.

”მე მოვუწოდებ მსოფლიოს  – შეხედეთ ამ ხალხს და გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს ხალხი ღირსია დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, თავისუფლების და ეს ხალხი ამას დაიბრუნებს,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ ერთ საკითხზე – პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის პირობებზე. ”ნებისმიერ სხვა საკითხზე დიალოგი იქნება თქვენი ღალატი,”- მიმართა მან ხალხს.

”ჩვენ არცერთ ნაბიჯს უკან არ გადავდგამთ, მხოლოდ წინ, გამარჯვებისაკენ ვიბრძოლებთ.  ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე, ამ ქვეყნისთვის საშიშროებას წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ სააკაშვილის გადადგომაშია. მერე სხვა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ის [მომდევნო] ხელისუფლება ასეთ დღეში აღარასოდეს აღარ ჩადგეს,”-  განაცხადა მან, ”არა მგონია, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელმაც თქვენი ძალა დაინახა, ოდესმე შეძლებს, რომ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომ კვლავ  ერის რისხვა გამოიწვიოს. თქვენ არ დაუშვებთ ამას”. 

ალიანსი საქართველოდან ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახლა ”პაუზის” დრო არ არის და საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მან ასევე გაახმოვანა გარდამავალი ხელისუფლების არჩევის იდეა. 

”როცა ვხედავ გადაჭედილ სტადიონს, მე მინდა ვთქვა, რომ ახლა დაღლის დრო არ არის, პაუზის დრო არ არის. ახლა საქმე ბოლომდეა მისაყვანი,”- განაცხადა მან, ”და მე გპირდებით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ამ საქმეს უახლოეს დღეებში – დღეს, ხვალ, ზეგ დავამთავრებთ და ვიზეიმებთ გამარჯვებას”.

”სააკაშვილის შემდეგ იქნებ გამოვაცხადოთ გარდამავალი პერიოდი, იქნება ავირჩიოთ გარდამავალი პერიოდით პრეზიდენტი და მთავრობა და მათ დავაკისროთ ყველაზე მნიშვნელოვანი მისია, რომ გაათავისუფლოს მედია, გაათავისუფლოს სასამართლო და ჩაატაროს ისეთი თავისუფალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც თავად პრეზიდენტი, თავად მთავრობა არ მიიღებს მონაწილეობას და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ჩატარდება ნამდვილად თავისუფალი არჩევნები და მივიღებთ ხალხის რჩეულ ხელისუფლებას,”- განაცხადა გამყრელიძემ. 

სტადიონზე ასევე იმყოფებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, თუმცა ის ტრიბუნასთან არ გამოსულა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის აქციის არა ორგანიზატორი, არამედ მხოლოდ მონაწილეა.

სტადიონზე აქციის პარალელურად პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ხვდებოდა. მან განაცხადა, რომ ”არ არის გასაკვირი რომ რაღაც ნაწილი ამ ხალხის პერიოდულად გამოთქვამდეს თავის გულისწყრომას იმიტომ, რომ ის არ არის კმაყოფილი იმითი, რომ მათი კანდიდატი, მათი რჩეული ვერ გავიდა და მეორეს მხრივ გავიდა ის, ვინც მათ არ უნდოდათ”. იგი გულისხმობდა ლევან გაჩეჩილაძეს, რომელიც მისი მთავარი კონკურენტი იყო 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისმა ადმინისტრაციამ 50 ათასი ადამიანი გაათავისუფლა სახელმწიფო სამსახურიდან, ”ძირითადად თბილისში”.   

”დემოკრატიის ამოცანა არის, რომ ყველა ჯგუფს მოუსმინოს მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღოს დაფუძნებით საერთო საზოგადოებრივი ინტერესით, რომ ვერც ერთი ცალკე აღებული ჯგუფი ვერასოდეს ულტიმატურად თავის აზრს ვერ მოახვევს მთლიანად საზოგადოებას,”- განაცხადა მან, ”ყველა ადამიანის ინტერესი უნდა შეჯერდეს და საბოლოო ჯამში უნდა იყოს ეს გათვალისწინებული”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)