Site icon Civil.ge

ოპოზიციამ რკინიგზა გადაკეტა

ვიდეო: Civil.Ge

 

ასობით ოპოზიციის აქტივისტმა და მხარდამჭერმა დაახლოებით სამი საათის მანძილზე გადაკეტა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე რკინიგზის ყველა სალიანდაგო ხაზი. ამ ტაქტიკას ოპოზიციამ პირველად მიმართა 9 აპრილს საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ.

მხარდამჭერებს ორგანიზებას უწევდნენ ნინო ბურჯანაძე, დავით გამყრელიძე, კახა კუკავა, სალომე ზურაბიშვილი და ეკა ბესელია. მომიტინგეებმა ეს ქმედება მას შემდეგ განახორციელეს, რაც მათ ლიდერებმა მოუწოდეს რუსთაველის გამზირიდან მსვლელობისკენ რკინიგზის გადაკეტვის მიზნით. მოპიკეტეებს რკინიგზის სადგურში არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

სადგურზე მისული გაბრაზებული მომიტინგეები რკინიგზის ლიანდაგებზე ჩავიდნენ, საიდანაც სამგზავრო მატარებელი გეგმავდა გამგზავრებას. რამოდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი, მათ შორის კონსერვატორების წევრი ბიძინა გუჯაბიძე, ამაოდ შეეცადა დაერწმუნებინა მომიტინგეები, რომ გაეშვათ სამგზავრო მატარებელი და ამის სანაცვლოდ სატვირთო მატარებლებისთვის ჩაეკეტათ მოძრაობა. ერთ მომენტში მატარებლის ძრავა ამუშავდა და მატარებელი ოდნავ დაიძრა, თუმცა მას გაჩერება მოუხდა მას შემდეგ, რაც მომიტინგეთა გაბრაზებული რეაქცია გამოიწვია, რომლებიც ლიანდაგებიდან გადასვლას არ აპირებდნენ.

სამგზავრო მატარებელი ბათუმში საღამოს 10:30 საათზე უნდა გასულიყო, თუმცა ბლოკირებამ ხელი შეუშალა, რის შედეგადაც მგზავრთა ნაწილმა ბილეთები დააბრუნა.

”[პიკეტირება] გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება. კონკრეტულ თარიღებზე არ ვლაპარაკობთ,”- განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ”აქციები იქნება დინამიური. იქნება აქციები, რომელიც შეიძლება რამდენიმე საათის, ღამის ან დღის განმავლობაში გაგრძელდეს”.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ არის ქმედებები, რომელშიც ის მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის მაგისტრალების და რკინიგზების გადაკეტვა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მისი გუნდი დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად იმოქმედებს პროტესტის სხვა ფორმებით გამოხატვისას. რკინიგზის გადაკეტვის აქციაში ასევე არ მიუღია მონაწილეობა ეროვნულ ფორუმს, რომელმაც განაცხადა 25 მაისს, რომ ის რეგიონებში განახორციელებს საპროტესტო კამპანიას.

”ხალხი მოითხოვდა ქმედებებს ჩვენგან და ჩვენ უნდა ამოგვერჩია ძალადობას ან მშვიდობიან ქმედებებს შორის და ჩვენ არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გავაკეთეთ, რადგანაც ძალადობა არის ის, რაც ჩვენ არ გვინდა,” – განაცხადა ლიანდაგებზე მჯდომმა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ პიკეტის მსვლელობისას.

რკინიგზის ჩაკეტვამდე რამოდენიმე საათით ადრე ოპოზიციის ლიდერები შეეცადნენ გაეფანტათ მომიტინგეთა ეჭვები თითქოს ოპოზიცია უკან დახევას აპირებდა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. ემოციები კიდევ უფრო გამწვავდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც მომიტინგეები სამების საკათედრო ტაძრიდან მივიდნენ.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ეროვნული სტადიონიდან მანიფესტაცია რუსთაველის გამზირისკენ უნდა დაძრულიყო, თუმცა მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ მოუწოდა სტადიონზე შეკრებილ მოსახლეობას სამების საკათედრო ტაძრისკენ წასულიყვნენ და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის წირვას დასწრებოდნენ.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ლიდერები და ათასობით მომიტინგე ტაძარში მივიდნენ, თბილისის მერი გიგი უგულავა ხელისუფლების რამოდენიმე წარმომადგენელთან ერთად ასევე მივიდა ტაძარში, სადაც შედგა ხანმოკლე შეხვედრა გიორგი გაჩეჩილაძესთან. ამ მოვლენებს თან ახლდა პატრიარქის განცხადება, რომელმაც მიანიშნა, რომ ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა.

ამგვარმა განვითარებამ მაშინვე გამოიწვია სპეკულაციები ბევრ მომიტინგეს შორის, რომ ოპოზიცია ნიადაგს ამზადებდა უკან დახევისთვის, რამაც მომიტინგეთა გულისწყრომა გამოიწვია და მეორეს მხრივ, უბიძგა რამოდენიმე ოპოზიციურ ლიდერს ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომელიც მომიტინგეთა ყველაზე რადიკალურ ნაწილს დააკმაყოფილებდა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ოპოზიცია ხანმოკლე თათბირის დროს ასევე განიხილავდა აეროპორტისკენ მიმავალი მაგისტრალის გადაკეტვის ვარიანტსაც.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)