საქართველომ რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის ვიაჩესლავ ბორისოვის განცხადება გამოიყენა იმისათვის, რომ გაემყარებინა საკუთარი ვერსია იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელმაც აგვისტოს ომი გამოიწვია.
ბორისოვი აგვისტოს ომის დროს და ცოტა ხანი მის შემდეგ სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუსულ ძალებს ხელმძღვანელობდა.
6 ივნისს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში შეიარაღებული ძალების წვრთნისა და წარსული გამოცდილების მნიშვნელობაზე საუბრისას ბორისოვმა განაცხადა: ”გენერალი შამანოვი ხელმძღვანელობდა სამხედრო დაჯგუფებას აფხაზეთის მიმართულებაზე, მე კი ვხელმძღვანელობდი სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს მიმართულებებს. ხომ გესმით, ამ რაიონებში ჩვენ სწავლებებს რეგულარულად ვაწარმოებთ, ჩვენმა ჯარებმა მიიღეს სრულყოფილი პრაქტიკა, ვატარებდით სწავლებებს ამ ტერიტორიებზე, ზუსტად იქ, ერთი კვირით ადრე და გასვლას ვაპირებდით იქედან, ამიტომაც ცხინვალის მიმართულებით მარში ჩვენ გაცილებით უკეთ შევასრულეთ, ვიდრე ცენტრალურმა და საოლქო ნაწილებმა… ჩვენთვის ეს არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა”.
”თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა იმაში, რა მოხდა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, ვურჩევთ მიმართოს ზემოაღნიშნულ ინტერვიუში მოყვანილ ინფორმაციას,” – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 7 ივნისს. ”დაჟინებით ვურჩევთ მიმართონ რუსი გენერლის ინტერვიუდან ზემოხსენებულ ამონარიდს მათ, ვისაც დღეს ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება, თუ ვინ იყო გასული წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სულისჩამდგმელი და განმხორციელებელი”.
”იმედს გამოვთქვამთ, რომ კიდევ ერთი რუსი აგრესორის მიერ გაკეთებული ეს მორიგი აღიარებითი ჩვენება დაეხმარება საერთაშორისო კომისიებს ჭეშმარიტების დასადგენად ადექვატური დასკვნების გაკეთებაში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ გამოუცხადებელ 18 წლიან ომთან დაკავშირებით, რომელშიც 2008 წლის 7 აგვისტო მხოლოდ ბოლო ეპიზოდს წარმოადგენდა,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ რუსი გენერლის ეს ”შემთხვევითი აღიარება” გონებას გაუნათებს იმ ხალხს, რომლებიც ელიან ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის დასკვნებს, რათა საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულონ აგვისტოს ომის დაწყებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)