Site icon Civil.ge

არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ფილიპ გორდონს შეხვდნენ

არასაპარლამენტო ოპოზიციის სამმა ლიდერმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილეს დღეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე პირველი ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია მივიდა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ გორდონთან მან განიხილა გაეროს მისიასთან დაკავშირებული საკითხები და მომავალ კვირას მისი ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი.

მოგვიანებით შეხვედრაზე მივიდნენ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე.

”მქონდა ძალიან დეტალური საუბარი შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე საქართველოში, როგორ ვხედავთ აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მონაწილეობას ამ კრიზისის განმუხტვაში,”- განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ, ”ასევე ვილაპარაკეთ კონფლიქტურ ზონებში შექმნილ ვითარებაზე, იმის აუცილებლობაზე, რომ საერთაშორისო მისიები უნდა დარჩნენ საქართველოში”.

ნინო ბურჯანაძემ შეხვედრას ”ძალიან მნიშვნელოვანი” უწოდა.

”მან [გორდონმა] დაადასტურა თავისი ღრმა ინტერესი და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ღრმა ინტერესი საქართველოსადმი, მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი – საგანგებოდ – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,”- განაცხადა მან.

”არ უნდა გამეორდეს არასოდეს შეცდომა, რომ მხარდაჭერილი იყოს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი და არა ხალხი და არა სახელმწიფო,”- განაგრძო ბურჯანაძე, ”ჩვენ ეს ნამდვილად დავინახეთ”. 

შეხვედრის შემდეგ გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა: ”განვიხილეთ ის, რომ ვცხოვრობთ პოლიციურ და მედია ტერორის და რეჟიმის ქვეშ. განვიხილეთ რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები, თითოეული ჩვენგანის თავისუფლება და თითოეული ოჯახის თავისუფლება და კეთილდღეობა. ვილაპარაკეთ რუსულ ფაქტორზეც და პრობლემების აღმოფხვრის გზებზეც”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)