Site icon Civil.ge

ჩრდილოეთ კავკასიაში წვრთნები ”კავკაზ-2009” იგეგმება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში 29 ივნისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება სამხედრო წვრთნები ”კავკაზ 2009”, რომლის სცენარია ჯარების პრაქტიკული მოქმედება ”ვითარების თანთადანობით გამწვავების რეჟიმში, კრიზისული სიტუაციებიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზრდის” პირობებში.

ანალოგიური წვრთნები ”კავკაზ-2008” შარშან, აგვისტოს ომამდე, 15 ივლისს დაიწყო და თვის ბოლომდე გასტანა კონფლიქტების ზონებში მშვიდობის განმტკიცების ოპერაციებში ჩართვაზე ფოკუსირებით.

”სწავლების სცენარით გათვალისწინებულია ჯარების პრაქტიკული მოქმედებების [კონტრტერორისტული ოპერაცია; ტერორისტული ბაზების ლიკვიდაცია; ტერიტორიული და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზება; ზურგის ფუნქციონირება] საკმაოდ დიდი მოცულობის შესრულება ვითარების თანდათანობით გამწვავების რეჟიმში, კრიზისული სიტუაციებიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზრდით,”- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციაში 11 ივნისს, ”წვრთნების დროს შემუშავებული და გაანალიზებული იქნება შესაძლო ადეკვატური ზომების ფართო სპექტრი მოქალაქეების უსაფრთხოების, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კომუნიკაციების, რუსეთის ეკონომიკური ინტერესების უზრუნველსაყოფად სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში”.

წვრთნებში, რომელსაც რუსეთის გენშტაბის უფროსი ნიკოლაი მაკაროვი უხელმძღვანელებს, მონაწილეობას მიიღებს 8 500-მდე სამხედრო და გამოყენებული იქნება 200 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა და 250 სხვადასხვა ტიპის საარტილერიო დანადგარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)