კარიერული დიპლომატი ,თინა ქეიდენაუ დაიკავებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის თანამდებობას კავკასიისა და სამხრეთ ევროპის საკითხებში შეცვლის რა ამ პოსტზე მეთიუ ბრაიზას, განაცხადა ამ უკანასკნელმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის რანგში ბრაიზა უკანასკნელი ვიზიტით ეწვია საქართველოს 10 აგვისტოს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში – ამ რეგიონში ის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტიდან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
ბრაიზა, როგორც თავად აღნიშნა, ყველაზე ხშირი სტუმარი საქართველოში, ვიდრე რომელიმე სხვა ამერიკელი ოფიციალური პირი, ხშირად გამხდარა ქართული ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ აღქმული მისი პერსონალური მხარდაჭერის გამო, რასაც ოპონენტების თქმით, შედეგად მოჰყვებოდა თვალის დახუჭვა საქართველოს ხელისუფლების წარუმატებლობაზე დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში.
”მე უბრალოდ სასაცილოდ მომეჩვენა ის რასაც ვკითხულობდი და რაც მესმოდა ზოგიერთი ჩემი კოლეგისაგან, რომლებიც ოპოზიციის უფრო რადიკალურ ფრთაზე არიან და რომლებიც ჩემზე ამბობდნენ, რომ მხარს ვუჭერდი მხოლოდ ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში,”- განაცხადა ბრაიზამ 10 აგვისტოს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე – ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი მას ადრეც მოუწია.
როცა მას ჰკითხეს ბუშის ადმინისტრაციისადმი კრიტიკაზე იმის გამო რომ მას საქართველოს ხელმძღვანელობასთან ”პერსონიფიცირებული” ურთიერთობები ქონდა, ბრაიზამ უპასუხა: ”ამ კითხვების ავტორი ექსპერტების მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ისინი უბრალოდ სრულად ვერ ერკვევიან, თუ როგორ ფორმირდებოდა აშშ-ის პოლიტიკა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში”.
”რაც თანმიმდევრულია, ვგულისხმობ იმას რაც არ შეიცვლება ერთი ადმინისტრაციიდან მეორემდე ისაა, რომ აშშ-ის პოლიტიკის პერსონიფიცირება საქართველოს მიმართ გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ადამიანები [აშშ-ში] ძალიან ახლობლებად გთვლით ყველას თქვენ [საქართველოში],”- განაცხადა ბრაიზამ.
The New York Times-ში 5 აგვისტოს გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსიტიტუტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მარკ ლენცმა და საქართველოში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ასევე ყოფილმა ხელმძღვანელმა ლინკოლნ მითჩელმა დაწერეს, რომ მათ ძალიან კარგად იციან თუ ”როგორ შეუწყო ხელი აშშ-სა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების მკვეთრად პირადულმა ხასიათმა ამერიკაში ორივე პარტიის მხრიდან საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში დემოკრატიისგან უკან გადადმული ნაბიჯების კრიტიკისგან თავის შეკავებას”.
საქართველოდან ბაქოში გამგზავრებამდე ბრაიზა ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა და მისგან ოქროს საწმისის ორდენი მიიღო. ეს ჯილდო გადაეცემათ უცხოელ მოქალაქეებს, რომელთაც ”განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში”, ასევე უცხოეთის სახელმწიფოებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში.
”მეთის როლი ჩვენი ურთიერთობის გამტკიცებაში არის ძალიან დიდი და ის ყოველთვის თავის კოლეგებთან ერთად საქართველოს გვერდით იდგა ყველაზე რთულ დროშიც და მაქსიმალურად ხელს უწყობდა სიტუაციის გაუმჯობესებას,”- განაცხადა სააკაშვილმა დაჯილდოვების ცერემონიაზე.
აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბრაიზამ 10 აგვისტოს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ”იმ ხალხმა, რომელთაც შეიძლებოდა ჰქონოდათ საქართველოს ძირგამომთხრელი ბნელი მიზნები, მარცხი განიცადა” და ახლა საქართველოსთვის საუკეთესო გზა ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებაა.
გასულ თვეში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებების მსგავსად, ბრაიზამ აღნიშნა: ”ცხოვრება ნორმალური და სრულიად ჯანსაღი გახდება აქ, როცა ინსტიტუტები, როგორიცაა პარლამენტი, შეასრულებს უფრო ძლიერ როლს; როცა სასამართლო რეფორმა წინ წავა; როცა საარჩევნო რეფორმა განხორციელდება და როცა დავინახავთ უფრო ძლიერ და უფრო დამოუკიდებელ მედიას”.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ საქართველოს გვერდით იდგება, თუმცა იქვე დასძინა რომ პარტნიორობის გაღრმავებისთვის აუცილებელია, რომ საქართველომ რეფორმების გზით სვლა განაგრძოს.
”ახლა ამ რეფორმების ახალი ენერგიით გატარებაზე მუშაობაა საჭირო,”- დასძინა მან.
ბრაიზას შემცვლელი, თინა ქეიდენაუ კოსოვოში აშშ-ის მისიაში ორი წლის განმავლობაში მსახურობდა, ვიდრე 2008 წელს იქ ელჩად დაინიშნებოდა. მანამდე ის სამი წელიწადი მუშაობდა აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ სარაევოში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)