Site icon Civil.ge

სააკაშვილი: ტალიავინის კომისია იტყვის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 ივლისს განაცხადა, რომ მას შეუძლია გასცეს ”გარანტია”, რომ ევროკავშირის ეგიდით მოქმედი აგვისტოს ომის საგამოძიებო კომისია საქართველოს გაამართლებს.

”ყველა კომისია, რომელიც აქამდე შეიქმნა, ასე თუ ისე ავტორიტეტული, ეს თქვა და ყველა რომელიც ახლა მუშაობს და კიდევ იტყვის, ვისაც რა იმედებიც არ უნდა ქონდეს, მინდა გარანტია მოგცეთ, რომ იტყვის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები,”- განაცხადა მან მთავრობის სატელევიზიო სხდომაზე ბათუმში.

მისი თქმით, რუსეთმა მოახდინა ”ოკუპაცია საერთაშორისო აგრესიის და ინტერვენციის გზით სუვერენული ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი შავი ზღვის პირის 2/3-ის, აგერ ვუყურებთ ჩვენ ოკუპირებულ ნაწილს და ჩვენი დედაქალაქის უშუალო სიახლოვეში განალაგა თავისი სამხედრო ტექნიკა. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ეს დაგმო ერთმნიშვნელოვნად”.

სააკაშვილმა ასევე მოიყვანა ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩევლის და ამჟამად ინსტიტუტ კატოს წევრის ანდრეი ილარიონოვის გამოსვლა ტელეკომპანია RTVI-ზე, რომელსაც ქართული ნაციონალური ტელევიზიები ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან აქტიურად აშუქებენ. 

ამ გადაცემის ინტერაქტიულ გამოკითხვაზე აპელირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკვე რუსეთშიც კი ”90%-ი იძახის, რომ რუსეთი იყო აგრესორი, რუსეთი იყო დამნაშავე, რუსეთი იყო ყველაფერში ბრალეული”.

”და საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებიც იძახიან, რომ უნდათ საქართველოს მართვა და იძახიან, რომ საქართველო იყო დამნაშავე, საქართველოს მთავრობა იყო დამნაშავე,”- აღნიშნა მან მხედველობაში ჰყავდა რა ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მის გადადგომას მოითხოვს, მათ შორის აგვისტოს ომის გამო.

აგვისტოს ომზე ჰეიდი ტალიავინის საგამოძიებო მისია ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარუდგენს ანგარიშს; თუმცა ასევე არსებობს დათქმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს. ანგარიშის გამოქვეყნების მოახლოებასთან ერთად როგორც თბილისში, ისე მოსკოვში სულ უფრო ხშირად გამოითქმის იმედები, რომ დასკვნა ობიექტური იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)