პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ მას ”გულწრფელი საუბარი” ჰქონდა საქართველოზე თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს.
”თავს არ მოგაჩვენებთ, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყველა საკითხზე თანხმდებიან; როგორც პრეზიდენტმა მედვედევმა მიანიშნა, ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბარი იმ საკითხებზე, რომლებზეც კვლავ ვერ ვთანხმდებით. მაგალითა, ჩვენ განვიხილეთ საქართველოს საკითხი და მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მტკიცე რწმენა, რომ საჭიროა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა,” – განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ მედვედევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, თავის გახსნით სიტყვაში, 6 ივლისს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ.
”შევეხეთ რა საქართველოს საზღვრების გარშემო არსებულ უთანხმოებას, ჩვენ ვთანხმდებით, რომ არავინ არის დაინტერესებული ახალ სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ, რომ ეს უთანხმოებები მშვიდობიანად და კონსტრუქციულად მოვაგვაროთ,” – განაცხადა მან.
"პრეზიდენტი მედვედევი და მე მზად ვართ უკან მოვიტოვოთ წარსულის ეჭვები და ქიშპობა, ისე რომ შევძლოთ ჩვენი საერთო ინტერესების წინ წაწევა," – დასძინა ობამამ.
რუსეთის პრეზიდენტს პრესკონფერენციის დროს საქართველოზე საერთოდ არ უსაუბრია.
მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შეამცირონ ბირთვული არსენალი. მათ ასევე ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს აშშ-ის წელიწადში 4 500 ფრენა განახორციელოს რუსეთის გავლით ავღანეთში აშშ-ის სამხედროების და შეიარაღების ტრანზიტის მიზნით. ასევე მიღწეულია შეთანხმებები სამხედრო თანამშრომლობის და ერთობლივი სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე.
”აშკარაა, რომ ჩვენ ორ ქვეყანას საკუთარი როლი თავისებურად ესმით, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენ როლს და პასუხისმგებლობას მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გლობალიზაციამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ხშირად ზოგადი სიტუაციაა დამოკიდებული,” – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)