Site icon Civil.ge

ზურაბიშვილის თქმით, საკნების აღებაზე გადაწყვეტილება მიღებულია

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმპროვიზირებული საკნების რუსთაველის გამზირიდან აღების შესახებ.

”გადაწყვეტილება უკვე მიღებული არის, რომ ჩვენ საკნებს ავიღებთ იმიტომ, რომ საკნებმა რომ ამოწურა თავისი დრო, ეს ნათელი არის,”- განაცხადა მან დღეს ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუში ”დღის ქრონიკა” საუბრისას.

ეს გადაწყვეტილება წინ უსწრებს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვიზიტს თბილისში, რომელიც მომავალ კვირასაა დაგეგმილი და რომლის დროსაც ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას გეგმავს დემოკრატიული ღირებულებების ერთგულების სადემონსტრაციოდ. 

”[საკნებს] ავიღებთ იმის ფონზე, რომ ჩვენ მასშტაბურად გამოვალთ და დავხვდებით ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და ვაჩვენებთ სად დგას ხალხი, სად დგას დემოკრატიული საზოგადოება საქართველოში,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

საკნები აპრილში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ განთავსდა პარლამენტთან, პრეზიდენტის, მთავრობის რეზიდენციებთან, ასევე თავისუფლების მოედანსა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თუმცა ოპოზიციამ იმპოვიზირებული საკნები, რომელსაც გზების პიკეტირების საშუალებადაც იყენებდა, ეტაპობრივად აიღო ამ ტერიტორიებიდან. ამ დრომდე საკნები მხოლოდ პარლამენტთან რჩება.

იმავდროულად, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი მმართველი პარტიის ინიცირებულ კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც მიტინგების დროს სხვადასხვა კონსტრუქციების მეშვეობით ქუჩების გადაკეტვას კრძალავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)