საქართველოს პარლამენტმა 16 ივლისს მიიღო განცხადება სადაც დაგმობილია რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ჩასვლას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე – ცხინვალის რეგიონში, რაც ”წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას”.
მედვედევი ცხინვალს 13 ივლისს ეწვია, სადაც სეპარატისტ ლიდერთან ედუარდ კოკოითთან მოლაპარაკებები გამართა და აგვისტოს ომის შემდეგ რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა მოინახულა.
განცხადებაში საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მოხდეს მედვედევის ჩამოსვლის სათანადო სამართლებრივი შეფასება; რუსეთს მოეთხოვოს საქართველო ტერიტორიების დეოკუპაცია; ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების ”სრულიად შესრულება”; რუსეთის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრა; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშვება; ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან გაწვევა; და იმგვარი ქმედებებისგან თავშეკავება, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ან რუსეთის სხვა მეზობლების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსული სასაზღვრო ძალების ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვარზე განლაგება წარმოადგენს საქართველოს ამ ტერიტორიების საბოლოო ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯს და რუსეთის მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდის დაკანონების მცდელობას. დეპუტატები ასევე გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში ეუთოსა და გაეროს მისიების გახანგრძლივებისთვის ვეტოს დადების ფაქტს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)