20 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ დებატებს დაესწრება, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით დაიგეგმა.
პრეზიდენტის უპრეცედენტო გეგმები მონაწილეობა მიიღოს საპარლამენტო დებატებში პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დაადასტურა. წინასწარ გაცხადებული იყო, რომ დებატები 17 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დებატების გადავადება ითხოვა.
”მე მქონდა საუბარი საქართველოს პრეზიდენთან მას შემდეგ პარლამენტში შედგა შეთანხმება პოლიტიკურ დებატებში პრეზიდენტის მონაწილეობასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბაქრაძემ, ”პრეზიდენტის თხოვნაა, მიეცეს მას რამდენიმე დღე დებატებისთვის, რათა ის უფრო საფუძვლიანად მომზადებული წარდგეს პარლამენტის წინაშე, მოასწროს ყველა აუცილებელი კონსულტაციის გავლა. პრეზიდენტის თხოვნაა, რომ დებატები პარასკევის ნაცვლად გაიმართოს ორშაბათს. მე ვფიქრობ, ეს საპარლამენტო პარტიებს და ფრაქციებს მისცემს საშუალებას უფრო საფუძვლიანად მოემზადონ იმ ახალი რეალობისთვის, რასაც შექმნის პრეზიდენტის მონაწილეობა დებატებში”.
ამდენად, რიგგარეშე სხდომა ორშაბათს გაიმართება პარლამენტში, სადაც ამ დღეს, როგორც წესი, სესიები არ ტარდება.
ეს უკვე მეორე სტუმრობა იქნება მიხეილ სააკაშვილის წელს პარლამენტში მას შემდეგ, რაც ის წლიური საანგარიშო მოხსენებით უკვე წარსდგა თებერვალში დეპუტატების წინაშე.
დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან განაცხადეს, რომ პრეზიდენტს მწვავე კითხვებს უმზადებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)