Site icon Civil.ge

ალიანსი საქართველოსთვის ბაიდენის ვიზიტის დროს აქციაში მონაწილეობას არ გეგმავს

ალიანსმა საქართველოსთვის განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას აქციაში, რომლის გამართვასაც მომავალ კვირას რამოდენიმე ოპოზიციური პარტია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საქართველოში ვიზიტის დროს გეგმავს.

მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განუცხადა ტელეკომპანია ”მაესტროს” 17 ივლისს, რომ არსებობს რამოდენიმე მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ალიანსი აქციის ჩატარების წინააღმდეგი. ერთ-ერთი მიზეზი, მისი თქმით, ის არის, რომ ხელისუფლება ამას წარმოაჩენს, როგორც ”ანტი-დასავლურ, ანტი-ამერიკულ პროტესტს”.

”სახელისუფლებლო არხები უკვე აცხადებენ, რომ ოპოზიცია გეგმავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ”საპროტესტო აქციით” შეხვდეს,” – განაცხადა მან.

კიდევ ერთი მიზეზი, განაგრძო მან, ის არის, რომ შეუძლებელი იქნება იმდენი ხალხის შეკრება, როგორც ეს იყო 9 აპრილს, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო, ან 26 მაისს. კაციტაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში კვლავ არსებობს  საპროტესტო მუხტი, ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარება შეუძლებელი იქნება, მათ შორის იმიტომაც, რომ ზაფხული არ არის საუკეთესო სეზონი ასეთი აქციებისთვის. კაციტაძის ვარაუდით, ხელისუფლებამ შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს აქციაზე ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აქციის ჩატარების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია, უკვე მოუწოდა მხარდამჭერებს ოთხშაბათს საღამოს თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ. მან, ლევან გაჩეჩილაძემ და კონსერვატორების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი შეკრება დაანახებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას და დასავლურ ღირებულებებს და რომ აქცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას აღქმული როგორც ანტი-დასავლური. ”საქართველოში ცვლილების დროა – ეს უნდა გახდეს აქციის დევიზი,” – განაცხადა ზურაბიშვილმა 17 ივლისს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)